1753972642
სტიქიამ კახეთის რეგიონი მნიშვნელოვნად დააზარალა - გრიგალმა მოგლიჯა მრავალწლიანი ხეები და დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები, ჩახერგა საავტომობილო გზები, დაზიანებულია ვენახები და სავარგულები

სტიქიამ კახეთში ყველაზე მეტად ახმეტის მუნიციპალიტეტი დააზარალა. გვიან ღამით მოსულმა წვიმამ და ქარმა ინფრასტრუქტურა დააზიანა, მათ შორის ახმეტის კულტურის სახლი, ქისტაურის საჯარო სკოლა და მატნის სპორტდარბაზი.
მოვარდნილმა ქარიშხალმა სახურავები ახადა კერძო სახლებს, მრავალ ბინიან საცხოვრებლებს და კომერციულ ფართებს. ბოლო მონაცემებით, დაზიანებულია 60-ზე მეტი შენობა.
გრიგალმა მოგლიჯა მრავალწლიანი ხეები და ჩახერგა საავტომობილო გზები. დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები და მუნიციპალიტეტში კომუნიკაციების პრობლემა შეიქმნა. რამდენიმე სოფელს ამ დრომდე არ მიეწოდება ელექტროენერგია.
დაზიანებულია ვენახები და სავარგულები.
სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გუშინ ღამითვე დაიწყო. ადგილზე ამ დრომდე მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ჯგუფები და მერიის ყველა შესაბამისი სამსახური. გრძელდება გზის გაწმენდისა და კომუნიკაციების აღდგენის პროცესი.
სპეციალური კომისია ახმეტაში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლის. აღწერის პროცესის დასრულების შემდეგ, დაზარალებულებს ადგილობრივი მთავრობა დაეხმარება.