სოსო გიორგაძე სერბეთის ინტელექტუალური საკუთრების უწყების იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

სოსო გიორგაძე სერბეთის ინტელექტუალური საკუთრების უწყების იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ თავმჯდომარე სოსო გიორგაძე ბელგრადში სერბეთის რესპუბლიკის ინტელექტუალური საკუთრების უწყების 105-ე წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო. ღონისძიება, რომლის თემა იყო „ინოვატორების, შემოქმედებისა და ინტელექტუალური საკუთრების საზოგადოების დაფასება“, მიზნად ისახავდა სხვადასხვა ქვეყნიდან ინტელექტუალური საკუთრების სფეროს აქტიური წარმომადგენლების – ინოვატორებისა და ექსპერტების გაერთიანებას, ასევე, ინტელექტუალური საკუთრების დაცვის მიმართულებით ადამიანთა მიერ გაწეული განსაკუთრებული წვლილის აღნიშვნას. საქპატენტის თავმჯდომარე ღონისძიებაზე სერბეთის რესპუბლიკის ინტელექტუალური საკუთრების უწყების დირექტორის ვლადიმერ მარიჩის მიწვევით იმყოფებოდა. ღონისძიების ფარგლებში, შეხვედრისას ორი ქვეყნის ინტელექტუალური საკუთრების უწყებების ხელმძღვანელებმა, ხაზი გაუსვეს ინტელექტუალური საკუთრების დაცვისა და ინოვაციების განვითარების სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობას. საიუბილეო ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ სერბეთის რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები – ვიცე-პრემიერი და ეკონომიკის მინისტრი ადრიანა მესაროვიჩი, მეცნიერების, ტექნოლოგიური განვითარებისა და ინოვაციების მინისტრი ბელა ბალინტი, სერბეთის რესპუბლიკის ინტელექტუალური საკუთრების უწყების დირექტორი ვლადიმერ მარიჩი, ასევე, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები – ევროკავშირის ელჩი სერბეთის რესპუბლიკაში ანდრეას ფონ ბეკერატი და შვეიცარიის ელჩი სერბეთსა და მონტენეგროში ანა ლუგონ-მოულინი. სიტყვით გამოვიდნენ, აგრეთვე, საერთაშორისო ორგანიზაციების მაღალი რანგის წარმომადგენლები: ევროპის საპატენტო უწყების (EPO) პრეზიდენტი ანტონიო კამპინოსი, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) გენერალური დირექტორის მოადგილე ჰასან კლეიბი, ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყების (EUIPO) თანამშრომლობისა და პარტნიორობის დეპარტამენტის დირექტორი სანდრის ლაგანოვსკისი. დამსწრე საზოგადოების წინაშე ვიდეომიმართვის საშუალებით წარსდგა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ადმინისტრაციის (CNIPA) ხელმძღვანელი, დოქტორი შენ ჩანგუი. ღონისძიების პანელური ნაწილი ორ თემატურ სესიას მოიცავდა, რომელთაგან პირველი ინოვაციაზე ორიენტირებულ კომპანიებსა და ორგანიზაციებს დაეთმო. მოწვეულმა წარმომადგენლებმა სხვადასხვა სექტორიდან წარმოადგინეს თავიანთი პროდუქტი და ინოვაციური გადაწყვეტები, განმარტეს განვითარების ეტაპები, ტექნოლოგიური მიდგომები და ის შესაძლებლობები, რასაც მათი საქმიანობა ინტელექტუალური საკუთრების სისტემაში ქმნის. მეორე პანელი ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულებას შეეხებოდა და მიზნად ყალბ პროდუქციასთან დაკავშირებული გამოწვევების გამოკვეთას ისახავდა. სპიკერებმა დამსწრე საზოგადოებას გააცნეს გაყალბების გავრცელებული პრაქტიკები, მათ წინააღმდეგ ბრძოლის მოქმედი მექანიზმები და ინსტიტუციური კოორდინაციის მნიშვნელობა.