სოფელ იორმუღანლოში გაუჩინარებული კაცის ადგილსამყოფელის დადგენას ითხოვენ

გაუჩინარება

სოფელ იორმუღანლოში გაუჩინარებული კაცის ადგილსამყოფელის დადგენას ითხოვენ.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოში ერთი თვის წინ დაკარგული ნაზიმ ნაბიევის შესახებ ინფორმაციას ითხოვენ და სოფლის ცენტრში აქციას ატარებენ.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ბოლოს, ნაბიევი, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში, ყურბანოვების ოჯახში იმყოფებოდა. მასპინძლებთან ერთად, მამაკაცი პირუტყვის შესაძენად, კასპში წასვლას აპირებდა და თან 32 ათასი ლარი თანხა ჰქონდა.

ახლობლები ვარაუდობენ, რომ მამაკაცის გაუჩინარება, სწორედ ფულს უკავშირდება.

აქციის მონაწილეები თვლიან, რომ პოლიციამ ნაბიევის მასპინძელი ყურბანოვი უნდა დააკავოს, რადგან დაკარგული მამაკაცი, ბოლოს სწორედ მან ნახა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 143- ე მუხლით აქვს დაწყებული, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

ნაზიმ ნაბიევი, სახლიდან 2022 წლის 4 იანვარს გავიდა და ის, ოჯახის წევრებს, მას შემდეგ აღარ უნახავთ.