1728499899
„სიყვარულია, როცა საღამოს შინ მეუღლე, შვილი და დედა მელოდება“ - რას ამბობდა ნიკა ქაცარიძე
თითქმის მთელი საქართველო გლოვობს რუსთაველის თეატრის მსახიობის, 43 წლის ნიკა ქაცარიძის მოულოდნელად გარდაცვალების ფაქტს.
ტელეეკრანებიდან და სცენიდან ვიცნობდით როგორც კარგ მსახიობს, თუმცა, ის დეტალები, რომლებზეც მან რამდენიმე წლის წინ ისაუბრა, ბევრმა არ იცის.
გთავაზობთ „გზისთვის“ მიცემულ ბლიც---ინტერვიუს:
- ჩემზე ამბობენ...
- კარგი ბიჭიაო. ყოველ შემთხვევაში, ეს სიტყვები მესმის და ზურგს უკან რას ლაპარაკობენ, ეგ არ ვიცი. ოჯახში ჩემზე გიჟდებიან, რადგან მხიარული ვარ და დედას, მეუღლეს, ბავშვს ვართობ.
- ბედნიერი ვარ, რომ...
- მყავს შვილი. ჩემი გოგონა წლისა და 4 თვის არის. ძალიან კარგი მამა ვარ. შემიძლია ბავშვს დამოუკიდებლად, პროფესიონალი ძიძასავით მოვუარო.
- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...
- კეთილი ვარ.
- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ, გამოვასწორო...
- ასეთი ბევრია. ნებისყოფა არ მაქვს, რომ გავხდე. საქმის მიმართ უნებისყოფობა არ მჩვევია, მაგრამ წონას რა მოვუხერხო, არ ვიცი.
- არ მჩვევია...
- ბოროტების კეთება.
- ჩემი პირველი წარმატება...
- ალბათ მაშინ იყო, როცა 4 წლის მცდელობის შემდეგ, თეატრალურში ჩავაბარე. ვიღაც რეჟისორს მოვწონდი, ვიღაცას არა. ალბათ ჩაწყობებიც იყო, მამაჩემს კი ფული არ ჰქონდა... ეს ძალიან დიდ სტიმულს მმატებდა, არ მთრგუნავდა. 4 წელი რომ ცდილობ, რაღაც გააკეთო, ე.ი. ძალიან გინდა.
- მეშინია...
- ომის.
- ჩემს გარეგნობაში შევცვლიდი...
- წონაში დავიკლებდი, 21 კილო მაქვს მომატებული... გარეგნობაში ალბათ, პატარა ცვლილებებს შევიტანდი, მაგრამ ასეთიც მოვწონვარ ხალხს. მსახიობისთვის მნიშვნელოვანია იყო ტიპაჟი. მთლად მოდელის გარეგნობაც არ არის საჭირო. ცოტა გროტესკული უნდა იყო.
- დღემდე ვერ ვისწავლე...
- ზომიერება, მაქსიმალისტი ვარ. გავბრაზდები და მტერს ჩემი გაბრაზება. თავდაუზოგავად ვმუშაობ, ვსვამ ბოლომდე ან საერთოდ უარს ვამბობ.
- ვნანობ, რომ...
- შემეძლო ბევრი მესწავლა, შეიძლებოდა დღეს თავისუფლად მცოდნოდა 5 უცხო ენა და არ ვიცი.
- ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე...
- სისუსტეების მეტი რა მაქვს, მაგრამ ყველაზე დიდ სისუსტედ იმას მივიჩნევ, რომ სიმართლეს „ცივად“ ვამბობ. თუ არ ვამბობ, სახეზე მაწერია. ეს ცუდია. წარმოიდგინე, რამდენ ადამიანს ეყვარები, ყველას სიმართლე რომ უთხრა.
- - პატიება შემიძლია...
- ნებისმიერ შემთხვევაში, ღალატის გარდა.
- დაშვებულ შეცდომებს...
- შანსი რომ მქონდეს, გამოვასწორებდი. ყველაზე ცუდი ის შეცდომებია, რომელსაც ვეღარ გამოასწორებ, მაგრამ შეგიძლია მოინანიო.
- საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე...
- დამოკიდებულებები, ვისწავლე როგორ უნდა მოვიქცე სხვადასხვა სიტუაციაში. ჩვენ ხომ თავიდან ჭამაც არ ვიცით, გვასწავლიან, მერე დანა-ჩანგლის გამოყენებას ვსწავლობთ, ხელი რომ მეწვება, უთოს აღარ ვადებ.
- წონასწორობიდან ჩემი გამოყვანა შეუძლია...
- უსამართლობას, ჭორიკანებს, ამბის მიმტანებს, ცუდ კაცებს... საშინელი ადამიანი ვხდები, ვიგინები. როგორ მინდა, ერთხელ ეს ვინმემ გადაიღოს და მერე მაჩვენოს.
- ამ წუთში ძალიან მინდა ვიყო.
- დიდი ფულის პატრონი. ბევრ სიკეთეს გავაკეთებდი; ბავშვებს, მოხუცებს, გაჭირვებულ ადამიანებს დავეხმარებოდი.
- სიყვარულია...
- როცა საღამოს შინ მეუღლე, შვილი და დედა მელოდება. იგივე ადრე რომ გეკითხა, ვიტყოდი, სიყვარულია ფერია გოგო, ძალიან ლამაზი, რომელიც სადღაც არის და შეიძლება შენი გახდეს. სხვაგვარად მეოცნებე ვიყავი.
- ჩემი მეუღლე გახლავთ.
- ნინო ბერიძე, პროფესიით არქიტექტორი.
- პირველად რომ შემიყვარდა...
- მაშინ ემოციას ვერ გამოვხატავდი. იმ ადამიანის დანახვა არ მინდოდა, ვერ ვუყურებდი. ის გოგო გონებითა და გულით მიყვარდა, მაგრამ დანახვის მეშინოდა. როცა მელაპარაკებოდა, სულ გავურბოდი, საქმეს ვიმიზეზებდი.
- ვრისკავ, როცა...
- ზუსტად ვიცი, რომ რისკი გაამართლებს.
- ხშირად მსაყვედურობენ...
- დედა მსაყვედურობს, რომ ფიცხი ვარ და მოვლენებს მძაფრად აღვიქვამ.
- თავისუფლება...
- ეს არ არის ყველაფრის უფლება, ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. შემიძლია ვთქვა, რომ თავისუფალი ადამიანი ვარ, მაგრამ არა თავხედი.
- როცა მარტო ვარ...
- სულ ვოცნებობ, ვფიქრობ მომავალზე, ყველაფერს ლამაზ ფერებში ვხედავ. ჩემი ფიქრები ყოველთვის პოზიტიურია.
- ბედისწერის...
- არსებობის მჯერა.
- მე ვარ შეუმდგარი...
- დაბოლოს, გეტყვით...
- ყველამ ერთად ვცადოთ, ვიყოთ კეთილები და სასწაულის გვჯეროდეს!