„შეიძლება ითქვას, რომ ყველაფერი დაიწვა. 4000-ზე მეტი ეგზემპლარი...“ - სოხუმში აფხაზ ხელოვანთა „ოქროს ფონდი“ დაიწვა

ხანძარი აფხაზეთი

ოკუპირებულ აფხაზეთში, სოხუმში აფხაზ ხელოვანთა „ოქროს ფონდი“ დაიწვა. ეს არის სამხატვრო გალერეის 4000 ეგზემპლარი, - წერს ინტერნეტგამოცემა Apsnypress.

ოკუპირებული აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის კულტურის მინისტრმა დინარა სმირმა განაცხადა, რომ ცენტრალურ საგამოფენო დარბაზში გაჩენილი ხანძარი „გამოუსწორებელი ზარალია ეროვნული კულტურისთვის“.
„შეიძლება ითქვას, რომ ყველაფერი დაიწვა. 4000-ზე მეტი ეგზემპლარი, ცენტრალური საგამოფენო დარბაზის შენობის მეორე სართულზე იყო განთავსებული. მათ შორის ალექსანდრე ჩაჩბა-შერვაშიძის 300-მდე ნამუშევარია. ეს არის გამოუსწორებელი დანაკარგი აფხაზეთის ეროვნული კულტურისთვის“, – აღნიშნა სმირმა.

4000 ნახატი ხანძრის შედეგად დაიწვა ან ჩაქრობის პროცესში წყალმა დააზიანა.მთლიანობაში ხანძარს აღნიშნულ ტერიტორიაზე აქრობდა მეხანძრეთა 11 რაზმი სოხუმიდან, გუდაუთიდან, გულრიფშიდან და ოჩამჩირიდან. მათ ხანძრის ლოკალიზება მხოლოდ დილის 7.00 საათისთვის შეძლეს.