"ვესაუბრებოდი ღმერთს და ვთხოვდი დახმარებას. იმ დროს მასთან უფრო ახლოს ვგრძნობდი თავს" - როგორ გამოიყურება ახლა ბრაიან დიკონი ფილმიდან "იესო"

brian

უკვე 47 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც გამოვიდა ფილმი, რომელმაც უამრავი ადამიანის ცხოვრება შეცვალა. ეს არის ფილმი იესოზე, რომელიც დაფუძნებულია ლუკას სახარებაზე.

1979 წელს ეკრანებზე გამოსულ ფილმში მაცხოვრის სახეს ბრიტანელი მსახიობი ბრაიან დიკონი ასახიერებს. 

"იესო" 6 მილიარდზე მეტმა ადამიანმა 220 ქვეყანაში ნახა, კინო ისტორიაში ყველაზე ბევრჯერ ნანახი ფილმია. ვარაუდობენ, რომ სწორედ ამ ფილმმა მილიონზე მეტ ადამიანს შესძინა რწმენა, მოაქცია და გახადა ქრისტიანი. ბევრიც იესოს, სახით, ბრაიან დიკონს ამსგავსებენ. 

გთავაზობთ ბრაიანის ძველ ინტერვიუს. ვფიქრობთ, დაგაინტერესებთ. 

 

***

- ბრაიან, იესოს როლისთვის ქასთინგი ათასობით მსახიობმა გაიარა, თქვენ დაგამტკიცეს. თუმცა, როგორც ცნობილია, თქვენი აგენტი ცოტათი ნერვიულობდა როლზე განაცხადის გამო...

ბრაიან დიკონი: დიახ, ჩემმა აგენტმა დამირეკა და მითხრა: „გსურს ხვალ გაიარო ტესტირება და ქასთინგი იესოს შესახებ ფილმისთვის?“ მე ვუთხარი: „კი, რატომაც არა?! და რა როლზე?“ მან მიპასუხა: „იესოს სახის შესაქმნელად.“ 

30 წლის მსახიობი გახლდით. ჩემი კარიერა საკმაოდ წარმატებული იყო და ვფიქრობ, რომ გამოწვევა ისეთი იყო, რომ უნდა მიმეღო. მაგრამ მე ვიცოდი, რომ მსახიობებს, რომლებმაც მაცხოვრის როლი შეასრულეს, სამომავლოდ კარიერის გაგრძელება აღარ სურდათ. 

ერთმა მითხრა: „ძალიან რთული იქნება სხვა როლებზე შენი დამტკიცება, რადგან შენ ითამაშე იესო“.

ფილმი გამოვიდა, ამერიკაში მქონდა გასტროლები და ლოს-ანჯელესში აგენტმა მითხრა: „ძალიან რთული იქნება სხვა როლებზე შენი დამტკიცება, რადგან შენ იესო განასახიერე... გაუჭირდებათ შენი, მაგალითად, ბოროტმოქმედის ან შეყვარებულის როლში ხილვა“. უცებ მივხვდი, რომ გავლენის სფეროში ვიყავი; ფრთხილად უნდა ვყოფილიყავი ჩემს მიერ გაკეთებული სხვა არჩევანზე, რაც საკმაოდ მტკივნეული იქნებოდა. მე ვიფიქრე: „დიახ, ვიცი, რომ აქ იესოზე ვსაუბრობთ, მაგრამ მე ვარ მსახიობი, რომელიც ამა თუ იმ როლს ირგებს და ასეც უნდა აღვიქვათ.“ თუმც, სამწუხაროდ, ეს შემთხვევა ასე არ არის. ახლა მესმის რატომაც...

- როგორ მოემზადეთ როლისთვის? ლუკას სახარება 20-ჯერ წაგიკითხავთ.

- ოჰ, მეტჯერ. სახარებას, ალბათ, ყოველდღე ვკითხულობ, ყოველ საღამოს, გადაღებების შემდეგ. ფილმზე მომუშავე პერსონალი ძალიან საფუძვლიანად ეცნობოდა ყველაფერს. მათ ჰქონდათ დაახლოებით 300-გვერდიანი დოკუმენტური მასალა, რომელიც შედგენილი იყო სხვადასხვა რელიგიურ მკვლევართა მიერ და რომელიც გაძლევდა ზღვა ინფორმაციას. ლუკას სახარება საკმაოდ საფუძვლიანად წავიკითხე. მე უბრალოდ ვცდილობდი მენახა, რას ვგრძნობდი ამის შესახებ; რა მემართებოდა, როცა ემოციურად, ინტელექტუალურად ვკითხულობდი.

მახსოვს, წავიკითხე ჯიმ კავიზელის (ქრისტეს როლის შემსრულებელი მელ გიბსონის ფილმში "ქრისტეს ვნებანი" - Passion Of The Christ) ინტერვიუ, სადაც ის ამბობს: „არ მგონია, ქრისტეს თამაში შეძლო, თუ ერთგული ქრისტიანი არ ხარ“. მე კი არ ვეთანხმები ამას, რადგან ყველა მსახიობმა გარკვეული სკეპტიციზმით უნდა შეასრულოს როლი.

- როგორი იყო ისრაელში გადაღებების ის შვიდი თვე?

კარგი დღეები იყო. ჩვეულებრივ დილის 4 საათზე ვიღვიძებდი, ადგომიდან 15 წუთის შემდეგ უკვე მსვამდნენ და მიკეთებდნენ მაკიაჟს, ცხვირის პროთეზირებას... შემდეგ ჩვენ გვქონდა სწრაფი შესვენება, რის შემდეგაც მანქანით საათ-ნახევრიანი გზით მივდიოდით გადასაღებ ლოკაციებზე. უკან ვბრუნდებოდით დაახლოებით საღამოს 7 საათისთვის. ასე რომ, გრძელი დღეები იყო. ასე იყო კვირაში ექვსი დღე. მკვდარი ზღვისკენ მიმავალ გზაზე 40 გრადუსი სიცხე იქნებოდა. საკმაოდ საინტერესო იყო ასეთ სიცხეში გარეთ ყოფნა და მთელი დღის მთის წვერზე გატარება.

ჩვენ გვყავდა ორი რეჟისორი, რაც სამწუხარო იყო, რადგან გაქვს იმედი, რომ რეჟისორი, რომელიც ფილმს იწყებს, დაასრულებს კიდეც მას. და ვფიქრობ, ჩვენ გვყავდა სამი ან შესაძლოა ოთხი განათების სპეციალისტი და ოპერატორი. იყო დღეები, როცა უთანხმოებაც კი გვქონდა. ერთ დღეს "მოწაფეებიც" გაიფიცნენ (იცინის). 

***

ერთ ღამეს თელ-ავივის სასტუმროში დავბინავდი, მე-15 სართულზე ვიყავი და... ხანძარი გაჩნდა ქვედა სართულზე. ძალიან საშიში იყო, რადგან შენობის დატოვებას საჭიროება დადგა. და მეორე დღეს გავიცანი ბიჭი, ტომი; ზეთისხილის ხის ქვეშ ვისხედით და როგორც მახსოვს, ქადაგების სცენას ვიღებდით მთაზე. მან თქვა: ”მე გავიგე ხანძრის შესახებ სასტუმროში. თქვენ აქ აკეთებთ ღვთის საქმეს და, რა თქმა უნდა, ეს არ სიამოვნებს სატანას...“ ეს საკმაოდ შემაშფოთებელი აღმოჩნდა ჩემთვის და გავიფიქრე: „მე ნამდვილად არ მინდა, რომ პატარა ჭია მღრღნიდეს და ასე ვიფიქრო, რადგან მაშინ პარანოიდი გავხდები“.

მე მესმის, რომ ბევრი იტყვის, რომ სწორედ ამიტომ იყო ფილმში ამდენი სირთულე, წინაღობები. რომ არსებობდნენ ადამიანები, ერთგვარი ძალები ან სულები, ან რაიმე სხვა, რომელთაც სურდათ ამ ფილმის გადაღების შეფერხება შეძლებისდაგვარად.

- მინდა მიამბოთ იმ სცენებზე, რომლებმაც ყველაზე მეტად გაგაოცათ ან ყველაზე მეტად გაგიჭირდათ.

- ხშირად ის სცენები, რომლებიც ყველაზე მეტად მაღელვებდა, ძალიან მარტივი იყო გადასაღებად. მაგალითად, 12 წლის გოგონას მკვდრეთით აღდგინება, ბრმა კაცის განკურნება. მსგავსი სცენები სამუშაოდ საკმაოდ ადვილად წავიდა... მათში იყო ჰუმანურობა. ყოველ ჯერზე, როცა ლუკას ვკითხულობდი, ამ ჰუმანურობას ვაწყდებოდი. როცა იესოს აპატიმრებენ გეთსიმანიაში, მან იცის, რომ ტკივილს განიცდის ისე, როგორც ყველა ჩვენგანი. ის რატომღაც არ არის განთავისუფლებული ამისგან.

 ემოციურად რთული იყო ჯვარცმის გადაღება. არავის უთქვამს, რა როგორ უნდა გამეკეთებინა ამ სცენაში. რაც შეეხება ინტერპრეტაციას, თავს საკმაოდ დამოუკიდებლად ვგრძნობდი. 

დიდი ხანია არ მინახავს, ​​მაგრამ ადრე ყოველთვის ვუყურებდი. მე ვხედავ ყველა შეცდომას, რაც ჩვენ დავუშვით და სასოწარკვეთილთ გვინდოდა ხელახლა მივბრუნებოდით იმ საქმეს. მაგრამ ამავდროულად ამ სურათს აქვს გული. ფილმში არის რაღაც, რაც სწვდება შინაგანს, მოდის ახლოს, და ეს მიგრძნია ყოველთვის, როცა კი მინახავს. ამ ფილმში არის რაღაც, რაც გიბიძგებს და აღწევს შენამდე.

- ბრაიან, როგორ აღწერდით თქვენს სულიერებას დღეს.

- ვიტყოდი, რომ ჯერ კიდევ ვეძებ. ვფიქრობ, ეს არის მოგზაურობა, რომელსაც მე ჯერ კიდევ ვაგრძელებ. მე საკმაოდ თავისუფლად ვიყავი აღზრდილი, როგორც კათოლიკე. მეგონა, რომ ჩვენ ყველანი ერთსა და იმავე სიმღერას ვმღეროდით, მაგრამ იმის მოსმენა, რომ ქრისტიანული ეკლესიის შიგნით კამათობენ სხვადასხვა ინტერპრეტაციების შესახებ - ამან თავი გამანება, უნდა ვთქვა.

მაგრამ მე არასოდეს მიმიტოვებია რწმენა. ეს ძალიან ჩემია...

 ქრისტიანობაში არაფერია ისეთი, რაშიც პრობლემას ვხედავდე. ვფიქრობ, ათი მცნება საკმაოდ კარგი სისტემაა ყველა ჩვენგანისთვის, რომ ვიცხოვროთ მისი მიხედვით. იქ არაფერია რთული; ის გეუბნებათ, როგორ წარმართოთ კარგი ცხოვრება. 

ჩემი რწმენა, მე ვფიქრობ, რომ ჯერ კიდევ ქრისტიანულ მოძღვრებაზეა დაფუძნებული, თუმცა სხვა სარწმუნოებებშიც  არის საკმაოდ გონივრული რამეები. ეს ყოველთვის პირადი საქმე იყო ჩემთვის.

ფილმის გადაღების დროს ნამდვილი მორწმუნე ვიყავი, ისე, როგორც არასდროს. საკუთარ თავში გარკვეული საკითხების დაყენება მომიწია. იყო მომენტები, როცა თავს, ემოციური კუთხით, საკმაოდ უხერხულად ვგრძნობდი. მე ვუბრუნდებოდი სახარებას და იმ დროს ვესაუბრებოდი ღმერთს ან მამა ღმერთს და ვთხოვდი დახმარებას და ხელმძღვანელობას. დანამდვილებით არ ვიცი, იყო თუ არა ის ჩემ გვერდით, თუმცა იმ დროს, მე ღმერთთან უფრო ახლოს ვგრძნობდი თავს.

პროდიუსერმა ჯონ ჰეიმანმა მითხრა, მე მჯერა, რომ შენ ღმერთი შეგეხო მხარზე და აგირჩია მის განსასახიერებლად… ეს იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი როლი, რომლის შესრულებასაც ოდესმე აპირებო. რა თქმა უნდა, არ მინდოდა ამის დაჯერება. ეს ჩემი კარიერის დასასრულს ნიშნავდა. მაგრამ მე მესმოდა, რასაც მეუბნებოდა და იმ დროს საკმაოდ გამიჭირდა ამ აზრის მიღება ან უარყოფა.
ალბათ, მინდა ვიფიქრო, რომ, დიახ, არის რაღაც მიღმა; არსებობს უმაღლესი ძალა, რომელიც არის ყოვლისმცოდნე, ყოვლისშემძლე და გვეხმარება, თუ დახმარებას ვითხოვთ. მაგრამ მე უბრალოდ არ შემიძლია ბოლო ნაბიჯის გადადგმა. ამაზე მეტს ნამდვილად ვერ ვიტყვი. 

ასევე, მე არ შემიძლია დავიჯერო, რომ ღმერთი არსებობს, თუკი ის არ არის - კეთილი, მზრუნველი და გამგები, რადგან ის არის ყოვლისმცოდნე და ყოვლისშემძლე. მაგრამ თუ ის ეს ყველაფერია, აბა, მაშ ჯოჯოხეთის ცეცხლი და წყევლა? რატომ შექმნა ღმერთმა სისტემა, რომელიც მარადიულად იწვის? ვიღაც იწვის, მეორე კი სამოთხეში ცხოვრობს? რატომ სურს ღმერთს ამის გაკეთება? აი, აქ ვხვდები, რომ ვერ მივუახლოვდი ამ თემას.

- და ამდენი წლის შემდეგ, ამ გადმოსახედიდან რას ფიქრობთ, განასახიერებდით ისევ ქრისტეს?

- ალბათ, იგივე ენთუზიაზმით, როგორც მაშინ. კიდევ ერთხელ განვიცდიდი, რომ ეს არის რთული როლი და განსაკუთრებული შესაძლებლობა, რომელიც ძალიან ცოტა ადამიანს აქვს. დარწმუნებული ვარ, წავიკითხავდი, აღფრთოვანებული ვიქნებოდი, მოვყვებოდი ამბავს და მივცემდი ადამიანებს მისი ნახვის შესაძლებლობას.

 

დღეს ბრაიანი 76 წლისაა...