შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველი სტუდენტებისთვის გამოცდა ჩაატარა

გამოცდები

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, უცხო ქვეყნის უნივერსიტეტებიდან, საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველი სტუდენტებისთვის გამოცდა ჩატარდა.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, ტესტირება, ცენტრის მიერ დანერგილი, საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი ობიექტური და გამჭვირვალე სისტემის ფარგლებში გაიმართა და მასში მონაწილეობა რეგისტრირებული სტუდენტების 99%-მა მიიღო.

ელექტრონული ტესტირების მიმდინარეობას, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი თამარ მემანიშვილი მოადგილეებთან ერთად გაეცნო.

გამოცდის შედეგები, ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე, ათ სამუშაო დღის ვადაში გამოქვეყნდება, რომელთა ნახვაც სტუდენტებს სპეციალური კოდის საშუალებით შეეძლებათ.

გამოცდის მიზანია საქართველოს იმ მოქალაქეების აკადემიური კომპეტენციის შეფასება, რომლებმაც უცხოეთში არანაკლებ ერთი სემესტრის განმავლობაში ისწავლეს და საქართველოს უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში სწავლის გაგრძელება სურთ.

ტესტირების სტრუქტურა წაკითხულის გააზრების, ლოგიკური და რაოდენობრივი მსჯელობის კომპონენტებს მოიცავს და მისი წარმატებით ჩაბარების პირობა მაქსიმალური ქულის ნახევარზე მეტის – მინიმუმ 23 ქულის მიღებაა.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი, უცხო ქვეყნის უნივერსიტეტებიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველი სტუდენტებისთვის ტესტირებას 2019 წლიდან, წელიწადში რამდენჯერმე ატარებს.