„თქვენ იღბლის ფავორიტები ხართ“ - ზოდიაქოს ეს ნიშნები 2025 წელს გამდიდრდებიან
1732308365
გადაცემა „კინოანატომიაში” მეგობრებმა კოლორიტი თემიკო ჩირგაძე გაიხსენეს. პროფესიით ექიმმა-პარაზიტოლოგმა დაუვიწყარი სახეები შექმნა ფილმებში.
„ცისფერი მთების“ ვაჟა ზაზაევიჩი საბჭოთა კავშირის ჩინოვნიკების კრებითი სახეა. არტისტული თემიკო ექიმი მამის კვალს გაჰყოლია. თუმცა სამედიცინო სფეროს ხელი არ შეუშლია იმაში, რომ კინოში მოხვედრილიყო.
გეოლოგი ნოდარ ცერცვაძე და ექიმი ბესიკ იაშვილი კოლორიტ მეგობარს სხვადასხვა ისტორიებით იხსენებენ.
ნოდარ ცერცვაძე: – მე და თემიკო ზემელზე ვცხოვრობდით. ბავშვობა ერთად გავატარეთ. მერეც ერთ კამპანიაში ვტრიალებდით. ძალიან განათლებული იყო, ყველაფერს კითხულობდა. არტისტული და თამადობის ნიჭით დაჯილდოებული გახლდათ.
წელი არ მახსოვს, ნანი ბრეგვაძემ სახალხო არტისტის წოდება მიიღო. ფუნიკულიორზე გაიმართა ბანკეტი, 500 კაციანი სუფრის თამადა თემიკო ჩირგაძე იყო. თუკი ვინმე მღეროდა და ცეკვავდა, ყველა იქ იყო. ფენომენალურად გაუძღვა სუფრას. იქ იყო ირაკლი აბაშიძეც. ნანი ბრეგვაძის მძახლის ახლო მეგობარი გახლდათ. მან თქვა, მე ყველაზე უფროსი ვარ ამ სუფრაზე და რამდენ თამადას არ მოვსწრებივარ, ვინ არ მინახავს, მაგრამ თემიკოს მსგავსი არავინ შემხვედრიაო.
რომ დალევდა, მერე სიარული უყვარდა, სახლში წასვლა არ უნოდა. ჩემი ქვისლისა და თემიკოს მეგობრის – ვაჟა ჟღენტის ოჯახში ვართ. თემიკოს შეაგვიანდა და თამადად სხვა დანიშნეს. მოგვიანებით მოსულ თემიკოს სუფრასთნ პასიურად ჯდომა მობეზრდა, ხელი წამკრა, წამოდი, წავიდეთო. ორი ვარდი ამოიღო ლარნაკიდან და გავედით. გვერდით სახლში ცხოვრობდა სესილია თაყაიშვილი. ზარი დავრეკეთ და ყვავილებით ხელში დავიჩოქეთ. სესილიამ კარი გააღო და ასე რომ დაგვინახა, არ გაინძრეთ, ახლავე მოვალო გვითხრა და მის სართულზე რაც კი კარი იყო, ყველგან ზარი დარეკა, ქალები მოიყვანა, ნახეთ, რა ბიჭები არიან ჩემ წინაშე მუხლმოყრილიო.
ბესიკ იაშვილი: – ორი წელი ბორჯომში ერთად ვისვენებდით. იქ იყო დაბადებული. ჩავსხდებოდით მანქანაში, ყველა ეკლესია-მონასტერს დაგვათვალიერებინებდა და ყველას ისტორიას ყვებოდა.
ნოდარ ცერცვაძე: – მოსკოვის თეატრის დასი იყო ჩამოსული. ვაჟა ჟღენტის ოჯახში არიან სტუმრად. მათთან ერთად ვარ მეც, გიგა ლორთქიფანიძე და თემიკოა თამადა. ამ დასიდან ყველა მსახიობი იცოდა მამების სახელებით. გაგიჟდნენ მსახიობები. მერე ერთს მიუბრუნდა და თქვენი ადმინისტრატორი რატომ არ წამოიყვანეთო, კითხა და ისიც სახელით, გვარით და მამის სახელით დაასახელა. გააგიჟა სტუმრები. რომ წავიდნენ, ვკითხე, საიდან იცი ამათი სახელები და გვარები-მეთქი. დურაკები არიან, მათი თეატრის პროგრამა მედო ჯიბეში, ვიხედებოდი და ისე მივმართავდი ყველასო.
ბესიკ იაშვილი: – როგორც ექიმი დაკვირვებული იყო, ბევრს არ საუბრობდა და დიაგნოზის დასმისას ხშირად იმარჯვებდა. ისე „სასხვათაშორისოდ“ დასვამდა ზუსტ დიაგნოზს, ვითომც არაფერი.
ბესიკ იაშვილი: სუფრიდან გამომივლიდა, ღამის 12 – 1 საათზე. ეზოდან მეძახდა, ბესოოო. ზარი დარეკე-მეთქი, ვეტყოდი. არა, მეძახდა. დიდ ხანს არ შეგაწუხებთ, ორ სადღეგრძელოს ვიტყვი და წავალო. ერთი პერიოდი ვისკების კოლექციის შეგროვებით ვიყავი გატაცებული და ვისკის მომთხოვდა, რომელიც ორი გაქვს, ის გამოიტანეო. არა, შენ თემიკო ჩირგაძე ხარ და ერთისადერთიც რომ მქონდეს, დაგალევინებ-მეთქი. მოსვამდა, დაჯდებოდა ფორტეპიანოსთან და უსასრულოდ უკრავდა ჩარლი ჩაპლინის მუსიკას.
ნოდარ ცერცვაძე: – ძალიან უყვარდა ეს მელოდია და გასვენების დროს ამ მელოდიით გამოასვენეს.