1785404135
საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიას სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო ჯარების დელეგაცია ეწვია
საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიის რექტორმა გიორგი სახოკიამ ოფიციალური ვიზიტით საქართველოში მყოფ სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო ჯარების მეთაურს, გარიკ მურადიანს უმასპინძლა.
შეხვედრის ფარგლებში გიორგი სახოკიამ სტუმრებს აკადემიის საქმიანობის, განვითარების სტრატეგიისა და საგანმანათლებლო მიმართულებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. საუბარი შეეხო აკადემიის, როგორც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსს, მიმდინარე რეფორმებსა და სამართალდამცავი სფეროსთვის კვალიფიციური კადრების მომზადების მნიშვნელობას.
მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და სომხეთის შესაბამის უწყებებს შორის არსებული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები და პროფესიული განათლების განვითარების საკითხები. ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრებმა დაათვალიერეს პოლიციის აკადემიის ინფრასტრუქტურა, საგამოცდო ცენტრი, სასწავლო-საპოლიციო სიმულაციური სივრცე, იმიტირებული სასაზღვრო-გამშვები პუნქტი, ღია და დახურული ტირი და სხვა სასწავლო სივრცეები.
ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.












