საყურადღებო ინფორმაცია მშობლებს - სიახლე პირველკლასელებისთვის

პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია დაიწყო

2026-2027 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირების შესაძლებლობა მიეცემათ ბავშვებს, რომელთაც 6 წელი 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდებათ.

როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ განაცხადა, ეს გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან კონსულტაციის საფუძველზე მიიღეს.

„ირაკლი კობახიძესთან კონსულტაციის საფუძველზე მიღებულია გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, საგამონაკლისო წესით, ერთჯერადად, 2026-2027 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირების შესაძლებლობა მიეცემათ ბავშვებს, რომელთაც 6 წელი 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდებათ.

ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია საზოგადოების, ჩვენი მოქალაქეების აზრის მოსმენა და გათვალისწინება. იცით, რომ რეფორმის ეროვნული კონცეფციის წარდგენა და დაანონსება 2025 წლის დეკემბერში მოხდა. შესაბამისად, შევეცადეთ გარდამავალი პერიოდი ყოფილიყო მაქსიმალურად გამარტივებული სასკოლო საზოგადოებისთვის. მშობელთა უმეტესობა ამ დროისათვის უკვე აწარმოებდა მოლაპარაკებებს კონკრეტულ სკოლებთან და ბავშვებს ამზადებდნენ პირველი კლასისთვის, სწორედ აქედან გამომდინარე ჩვენ პრიორიტეტად დავაყენეთ მშობელთა საუკეთესო ინტერესები“, - აღნიშნა მან.