1759260719
სასწრაფო დახმარების გარდაბნის რაიონული სამსახურის ბრიგადამ გამოძახებაზე კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტისთვის გულის ამუშავება შეძლო

სასწრაფო დახმარების გარდაბნის რაიონული სამსახურის ბრიგადამ გამოძახებაზე კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტისთვის გულის ამუშავება შეძლო - ინფორმაციას "ფეისბუკზე" გვერდი "შენი სიცოცხლის გადასარჩენად" ავრცელებს.
"გარდაბნის რაიონული სამსახურის გამარჯვების ფილიალის ბრიგადამ მიიღო გამოძახება ლოზუნგით "უგონო". სასწრაფო დახმარების ბრიგადა ადგილზე 2 წუთში მივიდა, პარამედიკოს ნინო დარჩიას ბინაში შუა ხნის ასაკის მამაკაცი უგონო მდგომარეობაში დახვდა. ოჯახის წევრების გადმოცემით, მამაკაცი სხვადასხვა ქრონიკული დაავადებით ავადობდა.
პაციენტს არ აღენიშნებოდა სუნთქვა და პულსი, მონიტორზე დაფიქსირდა ასისტოლია. პარამედიკოსმა ნინო დარჩიამ დაუყოვნებლივ დაიწყო ასისტოლიის პროტოკოლით გათვალისწინებული რეანიმაციული ღონისძიებები, ფილტვების ხელოვნურ ვენტილაციასთან ერთად. მესამე ადრენალის გამოყენების შემდეგ გულის მუშაობა აღდგა და პაციენტი სტაბილური მდგომარეობით ჰოსპიტალიზებული იქნა უახლოეს კლინიკაში, სადაც ამჟამად განაგრძობს მკურნალობას.
აღსანიშნავია ისიც, რომ რამდენიმე წლის წინ პარამედიკოსი ნინო დარჩია ზღვაზე დასვენების დროს შემთხვევით შეესწრო ფაქტს, როდესაც ზღვიდან უგონო მდგომარეობაში მყოფი 13 წლის ბავშვი ამოიყვანეს. მისი სწრაფი და კვალიფიციური ჩარევის შედეგად, რამოდენიმე წუთში ბავშვის გულის მუშაობა აღდგა და ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას ბიჭი აღდგენილი სასიცოცხლო პარამეტრებით დახვდა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.