1759260719
მაია ბითაძე დანიაში პრემიერის დაგეგმილ ვიზიტზე: პრემიერის ეს მაღალი დონის ვიზიტი იქნება კიდევ ერთი საშუალება იმისა, რომ ხმამაღლა გაჟღერდეს საქართველოს როგორც ეროვნული, ასევე საერთაშორისო ინტერესები

პრემიერის ეს მაღალი დონის ვიზიტი იქნება კიდევ ერთი საშუალება იმისა, რომ ხმამაღლა გაჟღერდეს საქართველოს როგორც ეროვნული, ასევე საერთაშორისო ინტერესები, - განაცხადა პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მაია ბითაძემ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ დანიაში პრემიერ-მინისტრის დაგეგმილი ვიზიტის შესახებ.
მაია ბითაძემ აღნიშნა, რომ დანიაში დაგეგმილი ფორუმის ფარგლებში, რომელშიც ირაკლი კობახიძე მიიღებს მონაწილეობას, მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრებიც გაიმართება.
„ძალიან მნიშვნელოვანია ეს ვიზიტი, რომელიც მაღალი დონის შეხვედრებს ითვალისწინებს. ეს არის ქვეყნების ლიდერების ევროპული ფორუმი, სადაც პრემიერს ექნება მათ შორის, ძალიან მნიშვნელოვანი ორმხრივი შეხვედრები. ეს კიდევ ერთი საშუალებაა იმისა, რომ საქართველომ დაანახოს მთელ მსოფლიოს, რომ ჩვენი ქვეყნის მთავარი მიზანი არის ჩვენი ქვეყნის სამშვიდობო პოლიტიკის შენარჩუნება, მშვიდობიანი განვითარება, ეკონომიკური ზრდა, რომლის შედეგებს ჩვენ წლიდან წლამდე უფრო ვიგრძნობთ.
ყველას კარგად უნდა გვახსოვდეს, სწორედ ეკონომიკური სიძლიერე და სამშვიდობო პოლიტიკა არის იმის ერთადერთი წინაპირობა, რომ ის ამბიცია, რაც ჩვენ გვაქვს - 2030 წლისთვის ევროკავშირში გაერთიანება, იყოს რეალისტური, და არა ის ხმამაღალი და რადიკალური განცხადებები, რასაც ჩვენ ვისმენ.
შესაბამისად, პრემიერის ეს მაღალი დონის ვიზიტი იქნება კიდევ ერთი საშუალება იმისა, რომ ხმამაღლა გაჟღერდეს საქართველოს როგორც ეროვნული, ასევე საერთაშორისო ინტერესები”, - აღნიშნა ბითაძემ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მონაწილეობას მიიღებს ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) სამიტში, რომელიც 2 ოქტომბერს დანიის სამეფოს დედაქალაქ კოპენჰაგენში გაიმართება.