სასაფლაოზე გასვლის კანონიკური და სახალხო ტრადიცია

აღდგომა

აღდგომის შემდგომი დღე, ანუ ორშაბათი, უქმედაა გამოცხადებული. იმის გამო, რომ კომუნისტური წყობილების დროს, მორწმუნეები კვირას, აღდგომის დღეს არ წასულიყვნენ სასაფლაოზე, ანუ აღდგომის დღესთან არ დაეკავშირებინათ რაიმე რიტუალი, ქართულ ეკლესიაში ორშაბათი შემოიღეს უქმე დღედ.

თუმცა, როგორც ირკვევა, ამ ტრადიციას არაფერი აქვს საერთო მართლმადიდებლობასთან.

როგორც ეკლესიის მსახურნი ამბობენ, ბრწყინვალე შვიდეულში არ შეიძლება საფლავების კურთხევა. ამგვარი რამ ნებადართულია აღდგომიდან მეცხრე დღეს ანუ კვირაცხოვლობის შემდეგ სამშაბათს.

წმინდა შვიდეულში დაშვებულია სასაფლაოზე მხოლოდ მომლოცველობითი რიტუალის ჩატარება ანუ გალობა.

გარდა საეროსი, არსებობს ლიტურგიკული კალენდარი, სადაც ეკლესიის მიერ მიცვალებულთა მოხსენიებისთვის სულ შვიდი დღეა ოფიციალურად დაწესებული და მათში აღდგომის მეორე დღე არ შედის. ლიტურგიკულად არც კვირაა მიცვალებულთა მოხსენიების დღე. საერთოდ, სასაფლაოზე ხშირად სიარული ქრისტიანობაში წარმართული ელემენტია. ქრისტიანთათვის მიცვალებულის მსახურება პანაშვიდისა და ეკლესიაში მოხსენიების სახით გამოიხატება.

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე, ლიტანიობის შემდეგ, საფლავზე გასვლა ნებისმიერს შეუძლია, თუმცა, სიხარულით და მიცვალებულისთვის აღდგომის მისალოცად. მთავარია, აღდგომის დღესასწაულზე საფლავზე გლოვით არ მივიდეთ.

წმინდა იოანე ოქროპირის ქადაგებიდან:

„დღევანდელი დღესასწაული არა მხოლოდ მიწის ბინადართა დღესასწაულია, მას ზეცაშიც ზეიმობენ, სიხარულია დედამიწაზე! სიხარულია ზეცაშიც! და თუ ერთი ცოდვილის ღვთისკენ მოქცევას უდიდესი სიხარული ახლავს ჩვენშიც და ზეცაშიც, მით უფრო მეტია სიხარული დღეს, როდესაც მთელმა სამყარომ დააღწია თავი ეშმაკის კლანჭებს. დღეს ზეიმობენ ანგელოზნი, დღეს ხარობენ მთავარანგელოზნი, ზეიმი აქვთ ქერუბიმებსა და სერაბიმებს. მათ არ ერცხვინებათ ჩვენთან ერთად აღნიშვნა ამ დღისა! და არა მხოლოდ ანგელოზებს, თვით უფალს არ ერცხვინება თავის შვილებთან ერთად ზეიმი. „სურვილი მაქვს, პასექისა ამის ჭამად თქუენთანა“. (ლკ. 22, 15).

როდის უნდა გავიდეთ საფლავზე? მაშინ, როდესაც გული გაგიწევთ, როცა საფლავი მოსავლელია და იმ დღეებში, რომლებიც ეკლესიამ მიცვალებულთა მოხსენიების დღეებად დააწესა. გარდაცვლილი ადამიანებისადმი სიყვარული, ზრუნვა და ლოცვებში მოხსენიება გაცილებით  მნიშვნელოვანია.

სიონის საკათედრო ტაძრის დეკანოზი, გიორგი სანამაშვილი:

- აღდგომა არა მიცვალებულების, არამედ, ცოცხლების დღესასწაულია, ანუ სიკვდილი დაითრგუნა და ქრისტე აღდგა, მაგრამ ჩვენში არაერთი ეკლესია სასაფლაოსთან მდებარეობს და აღდგომას ქრისტიანები ერთმანეთს შეძახილებით, - 'ქრისტე აღდგა!~ ეგებებიან. შემდგომ ტაძრის გარშემო შემოტარება ხდება და იმ დროს სიმბოლურად საფლავებზეც დადებენ ხოლმე კვერცხს, შეძახილებით: 'ქრისტე აღდგა!~ ანუ იმის შესახსენებლად, რომ აღდგება თითოეული ადამიანი. ეს ტრადიცია არ არის ცუდი და არც არაფერი შეზღუდვაა იმაში, რომ საფლავთან არ მიხვიდე, მაგრამ უპირველესად უნდა გააცნობიერო, რომ რადგანაც ქრისტე აღდგა - ეს სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვების დღესასწაულია და არა გლოვისა და მწუხარების. მათთვის, ვისაც ეს ჯერ კიდევ გაცნობიერებული არა აქვს, საჭიროა შეხსენება, რომ აღდგომა მიცვალებულების დღე არ არის და ამ პერიოდში საფლავზე გლოვა არ შეიძლება. თუ მაინცდამაინც მივლენ, საფლავს უნდა შეუძახონ, რომ ქრისტე აღდგა! რითაც დიდი სიხარული შემოდის. მოკლედ, ამ ყველაფრისთვის უწმინდესმა დააწესა ასეთი დღესასწაული კალენდარში, აღდგომის მეორე დღე, ორშაბათი, რომელსაც საფლავთა კურთხევის დღე, დიდუბობა ჰქვია. შემდგომ კი კვირაცხოვლობის სამშაბათი, ანუ თომას კვირის შემდეგ არის მიცვალებულთა მოსახსენებელი დღე.