საქართველოს ეროვნული ბანკი განცხადებას ავრცელებს

ბანკი

საქართველოს ეროვნული ბანკი აქვეყნებს ნოემბრის თვის ინფლაციური მოლოდინების ანგარიშს, რომლის თანახმადაც გასული თვის განმავლობაში ეკონომიკური აქტორების მხრიდან ინფლაციური მოლოდინები შემცირებულია. მიმოხილვის მიხედვით, შემცირებულია იმ რესპოდენტთა რაოდენობა, რომლებიც მომდევნო 1 წლის მანძილზე ფასების ზრდას 6%-8%-ის ფარგლებში ფიქრობენ. ხოლო, მომატებულია იმ რესპოდენტთა რაოდენობა, რომლებიც სამომხმარებლო ფასების ცვლილებას ზრდის უფრო დაბალ ინტერვალში, 0%-2%-ისა და 2%-4% ფარგლებში ელოდებიან.

"ეკონომიკური საქმიანობის მონაწილეთა მიხედვით, ნოემბერში ოქტომბერთან შედარებით ერთწლიან პერიოდზე ინფლაციური მოლოდინები შემცირებულია. ერთი მხრივ, დაკლებულია იმ რესპოდენტთა რაოდენობა, რომლებიც მომდევნო 1 წლის მანძილზე ფასების ზრდას 6%-8%-ის ფარგლებში ფიქრობენ. მეორე მხრივ, მომატებულია იმ რესპოდენტთა რაოდენობა, რომლებიც სამომხმარებლო ფასების ცვლილებას ზრდის უფრო დაბალ ინტერვალში, 0%-2%-ისა და 2%-4% ფარგლებში ელოდებიან.

ამავე გამოკითხვის მიხედვით, ნოემბერში ოქტომბერთან შედარებით სამწლიან პერიოდზე ინფლაციური მოლოდინები დაკლებულია. ერთი მხრივ, ოქტომბერთან შედარებით, მკვეთრად შემცირებულია იმ მონაწილეთა რაოდენობა, რომლებიც მომდევნო სამი წლის მანძილზე ფასების ცვლილებას 6%-8%-ის ზრდის ფარგლებსა და 8%-ზე მეტად ელოდებიან. მეორე მხრივ, მომატებულია იმ მონაწილეთა რაოდენობა, რომლებიც ფასების ცვლილებას შედარებით დაბალი ზრდის ინტერვალში, 0%-2%-ისა და 2%-4%-ის ფარგლებში, ელოდებიან.

გამოკითხულთა აზრით, საკუთარ პროდუქციაზე/მომსახურებაზე ფასების ზრდის მოლოდინი 1 წლიან პერიოდში დაკლებულია. კერძოდ, ნოემბერში ოქტომბერთან შედარებით შემცირებულია იმ რესპოდენტთა რაოდენობა, რომლებიც საკუთარ პროდუქტზე ფასების მატებას, შედარებით მაღალი ზრდის ფარგლებში 4%-6%-ისა და 6%-8%-ის ინტერვალში ელოდებიან. ამავე დროს მომატებულია იმ რესპოდენტთა რაოდენობა, რომლებიც ფასების ცვლილებას შედარებით დაბალი ზრდის ფარგლებში, 0%-2%-ის მიდამოში ვარაუდობენ.

ამავე გამოკითხვის მიხედვით, ნოემბერში ოქტომბერთან შედარებით მოლოდინები ხელფასების ზრდაზე შემცირებულია. კერძოდ, დაკლებულია იმ რესპოდენტთა რაოდენობა, რომლებიც ხელფასების ცვლილებას 10%-20%-ის ფარგლებში ელოდებიან. ამავე დროს, გაზრდილია იმ რესპოდენტთა რაოდენობა, რომლებიც ხელფასების ცვლილებას 0%-10%-ის ფარგლებში ფიქრობენ.

გამოკითხულთა აზრით, ნოემბერში კომპანიაში წარმოებისათვის საჭირო რესურსების გამოყენების ეფექტიანობა (კომპანიის რესურსების რეალური გამოყენება, მაქსიმალურ გამოყენებასთან შედარებით) ოქტომბერთან შედარებით შემცირებულია.“ - ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.