საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ვირტუალური რეალობის (VR) ტექნოლოგიებით შექმნილი ახალი ეკოტურისტული პროდუქტი დაინერგება

ეკოტურისტული პროდუქტი

დაცული ტერიტორიების სააგენტო ეკოტურიზმის განვითარების და ვიზიტორთა მოზიდვის მიზნით ახალ პროექტზე მუშაობს, რომელიც ითვალისწინებს VR ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ვირტუალური რეალობის აპლიკაციისა და სპეციალური VR სტენდის განვითარებას.

დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, პროექტი მიზნად ისახავს, საქართველოს დაცული ტერიტორიების უნიკალური ბუნების და ბიომრავალფეროვნების ფართო აუდიტორიისთვის გაცნობას, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ. აპლიკაციის საშუალებით ვიზიტორებს შესაძლებლობა ექნებათ ვირტუალურად იმოგზაურონ ეროვნულ პარკებში, დატკბნენ ბუნების სილამაზით და განიცადონ ის ემოციები, რასაც უშუალოდ დაცულ ტერიტორიებზე მოგზაურობა იწვევს.

VR გამოცდილება ვიზიტორებს მისცემს საშუალებას:

• დაგეგმონ საკუთარი ვირტუალური მოგზაურობა ინტერაქტიული გზამკვლევებისა და მინიშნებების გამოყენებით;
• აღმოაჩინონ ზღაპრული მღვიმეები და კანიონები;
• დატკბნენ სპეციალური გადასახედებიდან საოცარი ხედებით;
• გამოცადონ ზიპლაინით დაშვების ადრენალინი;
• ისიამოვნონ ვირტუალური პიკნიკებით, კატერით, პანტონითა და კაიაკით გასეირნებით.

აღსანიშნავია, რომ დაცული ტერიტორიების სააგენტო აქტიურად არის წარმოდგენილი საერთაშორისო გამოფენებზე, სადაც საქართველოს ბუნების პოპულარიზაციას ახდენს. ახალი VR პროდუქტი ქვეყნის ტურისტული შესაძლებლობების თვალსაჩინო წარმოჩენისა და უცხოელი მოგზაურების დაინტერესების ეფექტური საშუალება გახდება.