,,ბოლო კვლევებმა ცოტა შეგვაშინა... დღეს მოგვივიდა პასუხები“ - ნინი ქარსელაძე
1761249403
შავი ზღვის რეგიონში მდგრადი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მისაღწევად ხელოვნური ინტელექტის როლის განხილვას დაეთმო შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის სამართლებრივ საკითხთა და საერთაშორისო თანამშრომლობის კომიტეტის 66-ე სხდომა, რომელიც ბორჯომში გაიმართა.
საპარლამენტო ასამბლეის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებმა დისკუსიის ფორმატში განიხილეს ხელოვნური ინტელექტის სამართლებრივი ასპექტები და გამოცდილება მის დანერგვასთან დაკავშირებით.
სხდომაზე საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტმა სოფია ვულტეპსიმ საქართველოს პარლამენტის დელეგაციას ღონისძიების ორგანიზებისა და მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, ხელოვნური ინტელექტის ეფექტიანი გამოყენება საჭიროებს შესაბამის ინსტრუმენტებსა და სამართლებრივი ნორმების შემუშავებას.
მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა, ირაკლი მეზურნიშვილმა, რომელმაც აღნიშნა, რომ შავი ზღვის რეგიონს ხელოვნური ინტელექტის სფეროში თანამშრომლობის დიდი პოტენციალი გააჩნია.
"ჩვენს ქვეყნებს მსგავსი გამოწვევები აქვთ - ეკონომიკური ტრანსფორმაციიდან და ციფრული ინფრასტრუქტურის განვითარებიდან დაწყებული, განათლებისა და მმართველობის რეფორმებით დამთავრებული. რეგიონული კავშირის გაძლიერებითა და ინოვაციებზე ორიენტირებული ზრდით, ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია დაგვეხმაროს ამ გამოწვევების ეფექტურად მოგვარებაში," - განაცხადა ირაკლი მეზურნიშვილმა.
მისივე თქმით, საქართველო ეროვნული პოლიტიკის ჩარჩოს შექმნის საწყის ეტაპზეა, რომლის მიზანია ინოვაციებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნა და ხელოვნური ინტელექტის უსაფრთხო დანერგვის ხელშეწყობა.
"საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო ამზადებს ქვეყნის პირველ ხელოვნური ინტელექტის ეროვნულ სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმას, რომელიც ასახავს, როგორ შეიძლება ტექნოლოგიების გამოყენება მომავალზე ორიენტირებული გზით," - აღნიშნა მან.
მეზურნიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველო ერთგულია პრინციპის, რომლის თანახმადაც ტექნოლოგია უნდა ემსახურებოდეს ადამიანს და არა პირიქით. ამ მიზნით, ქვეყანა შეუერთდა ევროპის საბჭოს ხელოვნური ინტელექტის, ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის ჩარჩო კონვენციას.
"ჩვენ გვჯერა, რომ ინოვაცია ყოველთვის უნდა ემსახურებოდეს ხალხს. ჩვენი მიზანია უზრუნველვყოთ, რომ ხელოვნური ინტელექტი გახდეს ინკლუზიური ზრდის, უკეთესი მმართველობისა და ძლიერი საზოგადოების ინსტრუმენტი," - განაცხადა ირაკლი მეზურნიშვილმა.
ხელოვნური ინტელექტის როლზე ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში ისაუბრა პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმაც.
"დღეს გლობალური ეკონომიკა ახალ ფაზაში შედის, სადაც ხელოვნური ინტელექტი და მონაცემთა ინფრასტრუქტურა ეკონომიკური ზრდის ძირითადი მამოძრავებელი ძალაა. Goldman Sachs-ის შეფასებით, ხელოვნური ინტელექტის დანერგვამ შეიძლება გლობალური მშპ 7%-ით გაზარდოს, ხოლო McKinsey პროგნოზირებს, რომ 2030 წლისთვის ამ სექტორში ინვესტიციები 7 ტრილიონ აშშ დოლარს მიაღწევს," - აღნიშნა შოთა ბერეკაშვილმა.
მისი თქმით, საქართველოსთვის, როგორც განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნისთვის, ეს გარდაქმნა მნიშვნელოვან შესაძლებლობებს ქმნის - დაბალი ელექტროენერგიის ტარიფები, განახლებადი ენერგიის მაღალი წილი და ხელსაყრელი კლიმატი მასშტაბური მონაცემთა ცენტრების განვითარებისათვის იდეალურ პირობებს იძლევა.
საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტის სხდომაზე საქართველოს, საბერძნეთის, რუმინეთის, თურქეთის, ბულგარეთისა და აზერბაიჯანის წარმომადგენლებმა იმსჯელეს რეკომენდაციების პროექტზე, რომელიც საბოლოო რეზოლუციის მოსამზადებლად გენერალურ ასამბლეას გადაეცემა. სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილებები კომიტეტის მომდევნო შეხვედრის ჩატარების შესახებაც.