საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

საპატრიარქო

საქართველოს საპატრიარქო მცხეთის ჯვრის მონასტერთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„გამოვთქვამთ გულისტკივილს იმ მკრეხელობის გამო, რაც ჩვენი გამორჩეული სიწმინდის, იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, - მცხეთის ჯვრის მონასტერთან მიმართებაში ახლახან დაფიქსირდა.

ეს არის უცხო ქვეყნის მოქალაქეების (თუ მოქალაქის) შეურაცხმყოფელი ქმედება არა მარტო ეკლესიის, არამედ მთელი ქვეყნის მიმართ.

ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს ეს ადამიანი (თუ ადამიანები) ჯერ კიდევ არიან საქართველოში და იყო მოწოდებაც მათ მიმართ პირადი ანგარიშსწორების შესახებ, რაც დაუშვებელია.

შევნიშნავთ, რომ ფაქტების უტყუარობის დადგენის მიზნით და სათანადო რეაგირებისთვის წერილობით მივმართეთ შსს-ს“, - ნათქვამია განცხადებაში.

საპატრიარქოს განცხადებაში არ არის დაკონკრეტებული, რომელ ფაქტზეა საუბარი, თუმცა სოციალურ ქსელებში ბოლო დღეებში ვრცელდება ვიდეოები მცხეთის ჯვრის მონასტერზე ვანდალური შემთხვევების შესახებ.

ფაქტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა „საყდრისის კომიტეტმაც“. 

„მცხეთის ჯვრის მონასტერში ვანდალიზმის შემთხვევა დაფიქსირდა - უცხო ქვეყნის მოქალაქემ ეკლესიის შეურაცხყოფის კადრები სოციალურ ქსელში თავად გაავრცელა.

კადრებში ჩანს, როგორ აკეთებს იგი წარწერებს VI საუკუნის მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეტანილი ტაძრის კედლებზე.

„საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობისთვის“ გმობს ამ ვანდალურ ქმედებას მსოფლიო კულტურული მნიშვნელობის მატარებელ ძეგლზე და შესაბამის ორგანოებს დაუყოვნებლივი რეაგირებისკენ მოუწოდებს“, - ნათქვამია საყდრისის კომიტეტის განცხადებაში.