,,სამწუხაროდ, ტრავმა შეუთავსებელი იყო სიცოცხლისთვის" - ექიმი ირაკლი ფირცხალეიშვილი ვერაზე სროლის შედეგად გარდაცვლილ არასრულწლოვანზე

კი

თბილისში, ღამით მომხდარი სროლის შედეგად, ერთი არასრულწლოვანი გარდაიცვალა, სამი პირი კი დაიჭრა. შემთხვევა ვერაზე, გვიან ღამით მოხდა. თვითმხილველების თქმით, სროლას წინ შელაპარაკება უძღოდა.

დაჭრილი ოთხი ადამიანიდან ერთი გამვლელი ქალია. დაჭრილები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა კლინიკებში გადაიყვანა. ერთ-ერთი არასრულწლოვანი ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა.

გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ირაკლი ფირცხალეიშვილი თქმით, ცეცხლნასროლი ჭრილობა სიცოცხლესთან შეუთავსებელი აღმოჩნდა.

"მოყვანილ იქნა სასწრაფო დახმარების მიერ ახალგაზრდა მამაკაცი ცეცხლნასროლი ჭრილობით. სამწუხაროდ, ტრავმა შეუთავსებელი იყო სიცოცხლისთვის. რით იყო მიყენებული ჭრილობა, სად და ა.შ. სამედიცინო ექსპერტის მერე იქნება დასკვნა," - აცხადებს ექიმი.

რაც შეეხება შემთხვევის ადგილს - დაცხრილულია მანქანა, რომლითაც ახალგაზრდები გადაადგილდებოდნენ. ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, თუმცა ის სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მალევე დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულმა დაკავებისას სამართალდამცველებს შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია. დაკავებისას დაზიანებები მიიღო ბრალდებულმა. გამოძიება ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.