სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიში: მთავრობის პრიორიტეტია სამხედრო მრეწველობის განვითარება - აღსანიშნავია ახალი სადაზვერვო მანქანა, რომელიც „დელტას“ საწარმოში ქართველი სპეციალისტების მიერ შეიქმნა

ღარიბაშვილი

მთავრობის პრიორიტეტია სამხედრო მრეწველობის განვითარება. სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ საქმიანობის ძირითად სფეროს სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის დიზაინის შექმნა, აწყობა და სერიული წარმოება განეკუთვნება, - ამის შესახებ სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ ანგარიშში წერია.

„განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს ახალი სადაზვერვო მანქანა, რომელიც „დელტას“ საწარმოში ქართველი სპეციალისტების მიერ შეიქმნა. აღნიშნული ჯავშანტექნიკა უკვე გადაეცა თავდაცვის სამინისტროს. სამომავლოდ კი, მანქანის სერიული წარმოება და ექსპორტზე გატანაა დაგეგმილი.

საანგარიშო პერიოდში საქართველოს თავდაცვის ძალებს „დელტას“ მიერ წარმოებული მრავალმიზნობრივ პლატფორმაზე შექმნილი კავშირგაბმულობის მანქანები გადაეცა. ინტეგრირებული ქსელების მანქანა თავდაცვის ძალების მოთხოვნებისა და საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით დაპროექტდა და შეიქმნა.

2022 წლიდან დელტაში ნატოს სტანდარტის ავტომატური შაშხანის GI-4-ის წარმოება დაიწყო. ახალი ქართულ-ებრაული საწარმო აღჭურვილია თანამედროვე ჩარხ-დანადგარებით. აღსანიშნავია, რომ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის სრული ტექნოლოგიური პროცესი საქართველოში მიმდინარეობს.

„დელტას“ მიერ კაპიტალურად გარემონტდა სეტყვის საწინააღმდეგო 84 დანადგარი, შეძენილ იქნა 5 000-ზე მეტი რაკეტა. ინფორმაციის სწრაფი მიღებისა და დამუშავების მიზნით, მართვის ცენტრს ჩაუტარდა პროგრამული მოდერნიზაცია, გერმანელი სპეციალისტის მიერ განხორციელდა რადარის ნაწილობრივი განახლება.

აღნიშნულ პერიოდში „დელტა ტექსტილის“ მიერ საქართველოს თავდაცვის ძალებისთვის მაღალი ხარისხის ტანსაცმელი და ეკიპირება შეიკერა. ასევე „დელტას“ საწარმოებში მიმდინარეობს ჯავშანჟილეტების, ჯავშანჩაფხუტებისა და სასწავლო ხელყუმბარების დამზადება, რომლებიც პერიოდულად გადაეცემა თავდაცვის სამინისტროს შეიარაღეულ ძალებს.

ასევე აქტიურად მიმდინარეობდა დედოფლისწყაროსა და ფონიჭალის ბაზებზე ვადაგასული საბრძოლო მასალების უტილიზაციის პროექტი, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაცია ITF-სთან თანამშრომლობით ხორციელდება“, - წერია ანგარიშში.

საქართველოს მთავრობამ გამოაქვეყნა სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიში, რომელიც 2021 წლის ივნისიდან 2022 წლის მაისამდე პერიოდს მოიცავს.

სხვა სიახლეები