ამ დარღვევისთვის მძღოლი 100 ლარით დაჯარიმდება და 5 ქულა ჩამოაკლდება - ახალი გაფრთხილება
1732308702
ჟურნალისტი თათია ახვლედიანი ბიოლოგიურ მშობლებს ეძებს და თავისი ისტორიის შესახებ ინფორმაციას ჯგუფ „ვეძებში“ ავრცელებს.
„ვეძებ ბიოლოგიურ დედას, მამას, ჩემს წარმომავლობას.
დავიბადე 1990 წლის 7 აგვისტოს (როგორც აღმზრდელი დედა ამბობს დაბადების თარიღი არ შეუცვლიათ) თბილისში, არამიანცის სამშობიაროში. დაბადების ადგილი მიწერია ქუთაისი და ახლაც ვცხოვრობ ამ მშვენიერ ქალაქში. ჰო, თინათინი მქვია საბუთებით, მაგრამ ასე არავინ მომმართავს (ეს აქ იყოს მაინც ფორმალობისთვის). წლების მანძილზე შვილად აყვანის სხვადასხვა ისტორიის მოსმენის შემდეგ კიდევ ერთი ახალი ვერსია გავიგე აღმზრდელი დედისგან და ის ასეთია:
ჩემი ბიოლოგიური დედა მშობიარობისას ყოფილა 18 წლის, სამეგრელოდან, შეძლებული, კარგი ოჯახიდან, თბილისში სამედიცინოში სწავლობდა, ულამაზესი გოგო იყოო, მაღალი, ღია ფერის თვალებით, მამის შესახებ ინფორმაცია უცნობია. მშობლები წინააღმდეგი იყვნენ რომ მათ შვილს ბავშვი ჰყოლოდა. გოგოს მამას უთქვამს, როგორი ძლიერიცაა ჩვენი ოჯახი, ისეთივე ოჯახში მოახვედრეთ ბავშვიო.
საქმე მოუწყვია ჩემი აღმზრდელი დედის ნათესავს, რომელიც უკვე გარდაცვლილია. მას ჰყავდა არამიანცის სამშობიაროში ახლობელი, ვინმე მზია, შესაძლოა ეს ქალიც გარდაცვლილი იყოს.
აღმზრდელი დედა ამბობს რომ არ იცის ჩემი ბიოლოგიური დედის სახელი და გვარი, არც უნახავს და ყველა დეტალს ის ნათესავი ქალი აგვარებდა. მისივე თქმით, ამ ვინმე მზიამ სამშობიაროში შეიტანა ჩემი მშობლების საბუთები და გააფორმა შვილობა, მგონი მშობიარედ მე დამარეგისტრირესო. ასევე დედა ჰყვება რომ სამშობიაროდან რომ წამოგიყვანეთ, ქალაქში დიდხანს დავდიოდით ავტომობილით, რომ უკან არავინ გამოგვყოლოდაო. სამმაგი თანხა გადავიხადეთ, 6000-იო ჩემი პირადი გადმოსახედიდან შესაძლოა, ეს ვერსიაც არ იყოს სწორი და ჩემმა აღმზრდელმა დედამაც არ იცოდეს რეალური ისტორია იმ ნათესავი ქალისგან. აქედან გამომდინარე სამწუხაროდ, შესაძლოა მე აქ რაღაც ზღაპარს ვყვებოდი თუმცა, მე მაინც ვეძებ ბიოლოგიურ დედას, მამას, არა იმიტომ რომ მე მათგან რამე მინდა, მხოლოდ იმიტომ რომ ვიცოდე ჩემი წარმომავლობა.
პ.ს მადლობა მინდა ვუთხრა ჩემს ბიოლოგიურ დედას რომ გამაჩინა და სიცოცხლე მაჩუქა, ვუნდოდი თუ არ ვუნდოდი, იცის თუ არ იცის რომ ვარსებობ, უარმყო თუ უარი ათქმევინეს, ფული აიღო თუ არა და კიდევ ბევრი თუ, თუ, თუს მიუხედავად ის სიცოცხლეზე დიდ საჩუქარს მაინც ვერასდროს გამიკეთებდა, ამიტომ მადლობა მას რომ, მომცა შანსი ამ თავგადასავალში მოვსულიყავი, რასაც სიცოცხლე ჰქვია.
მადლობა ჩემს აღმზრდელ დედას, რომელმაც უდიდესი პასუხისმგებლობა აიღო თავის თავზე, ამ ცხოვრებაში გზა დაკარგული ბავშვის მეგზურად იქცა, არაფერი დაიშურა ჩემთვის და დღემდე, ყოველთვის გვერდით მიდგას
ე.წ. მამებზე ვერაფერს ვიტყვი გთხოვთ, თუ ვინმეს რამე გეცნობათ, რამე გახსენდებათ, ვინმეს მამსგავსებთ, ან რამე იცით, მზად ვარ მოგისმინოთ. ცხოვრება დიდი თავგადასავალია და ეს ეტაპიც მისი შემადგენელი ნაწილია, ვნახოთ რა გამოვა.
მადლობა თამუნა მუსერიძეს რომ ყოველთვის მზად არის ჩვენს მოსასმენად და დასახმარებლად“, - წერს თათია ახვლედიანი.