თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალი დილამდე შეუწყდა - ნახეთ, მისამართები
1732300350
გუდაურის ტრაგედია დღემდე დიდ ტკივილად დარჩა საქართველოსთვის... სხვების სიცოცხლის გადასარჩენად სამაშველო ვერტმფრენი აფრინდა, მაგრამ.... საბოლოოდ, ეკიპაჟის წევრები ცაში, გმირებად გაფრინდნენ... და სწორედ იმ წამიდან მორიგი გმირობის ისტორიის წერა დაიწყო... სანამ ცაში ვერტმფრენი უსაფრთხოდ მიფრინავდა, მათ მაშველები, პილოტი და ექიმები ერქვათ...
ამ ზოგადმა პროფესიულმა სახელწოდებებმა სულ რამდენიმე წამში ტრანსფორმაცია განიცადა და ერთ ზოგად სახელში - "გმირი" გაერთიანდა...
მათ წინაშე ქედს მთელი ქვეყანა ახლაც იხდის, მათ შორის იმ პარაპლანისტის დედაცაა, რომლის დასახმარებლად აეროდრომიდან აფრინდნენ... მართალია, ერთი შეხედვით, შვილის გადარჩენით ბედნიერი უნდა იყოს, მაგრამ ამბობს, რომ საღ-სალამათი ნუგზარ რაზმაძის სახლში დაბრუნება დედისთვის, მანანა დოგუზოვასთვის სასიხარულოცაა და მას თან ტრაგედიით გამოწვეული სევდაც ახლავს.
"პრაიმტაიმს" ის იმ მორალურ პასუხისმგებლობაზე ესაუბრა, რომელიც ტანჯავს. ამბობს, რომ სამების საკათედრო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდზე მისვლა დაღუპულების პატივსაცემად სურდა, მაგრამ ვერ გაბედა, ვერ შეძლო და ამიტომაც, ახლა მათ ოჯახებს სწორედ "პრაიმტაიმიდან" მიმართავს... თავად ნუგზარმა კი მომხდარზე ჩვენთან საუბარი არ ისურვა...
„გარდაცვლილთა ოჯახებს დიდი მწუხარებით კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა პირველ რიგში, დაღუპულებს, შემდეგ - მათ ოჯახებს. ამ გმირებმა ყველაფერი გააკეთეს ჩემი შვილის გადასარჩენად და საკუთარი სიცოცხლე გაწირეს. სიტყვებს ვერ ვპოულობ, რომ მადლიერება და ეს ტრაგედია აღვწერო. როცა საქმე შვილს ეხება, ეს სულ სხვა რამაა... მათ ოჯახებს დიდი გამძლეობა მინდა ვუსურვო... ამ უბედურების გამო კინაღამ მოვკვდი... დედებო, ტვირთი ზურგით დამაქვს, ვალი მაქვს მე თქვენი... დედებო, ქალებო, ცოლებო საოცრად მადლიანი ადამიანების ოჯახის წევრები ხართ..." - ამბობს მანანა დოგუზოვა.