1784020802
„სალათები ინფექციების გავრცელების განსაკუთრებული წყაროა“ – ინფექციონისტის გაფრთხილება
ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა გადაცემაში „კოტcast“ ზაფხულის პერიოდში საკვებთან დაკავშირებულ რისკებზე ისაუბრა და განმარტა, რატომ შეიძლება, ერთი შეხედვით უსაფრთხო ყინულიც კი ინფექციის გავრცელების წყარო გახდეს.
ექიმის თქმით, ყინულთან დაკავშირებული ეპიდემიოლოგიური აფეთქებები მსოფლიოში საკმაოდ ხშირია, ამიტომ სასმლის შეკვეთისას განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო.
„ყინული ეპიდემიოლოგიური აფეთქებების ერთ-ერთი ხშირი წყაროა. ამიტომ, ჯობია, ყინულს მოვერიდოთ. როდესაც სასმელს ვუკვეთთ ან ვყიდულობთ, უმჯობესია, მაცივრიდან გამოღებული მთლიანი ბოთლი ან რკინის ჭურჭელი შევარჩიოთ, რადგან არავინ იცის, თუ რა წყლისგან არის ეს ყინული დამზადებული. ყინულთან ასოცირებული ეპიდემიოლოგიური აფეთქებები ძალიან ბევრი და ხშირია“, – ამბობს მაია ბუწაშვილი.
ინფექციონისტი ასევე ყურადღებას ამახვილებს ზაფხულში წინასწარ მომზადებულ სალათებზე და მოსახლეობას ურჩევს, უპირატესობა ახლად მომზადებულ, თერმულად დამუშავებულ საკვებს მიანიჭოს.
„ზაფხულში, რესტორნებშიც კი, აჯობებს, ჯანსაღი კვება დროებით გვერდზე გადავდოთ და უპირატესობა ახლად მომზადებულ კერძებს მივანიჭოთ. სჯობს, საკვები მაღალ ტემპერატურაზე იყოს მომზადებული, ვიდრე სალათები მივირთვათ, რადგან სალათები ხშირად ინფექციების გავრცელების განსაკუთრებული წყაროა. ეს ერთ-ერთი მთავარი რისკფაქტორია“, – აღნიშნავს ექიმი.
მაია ბუწაშვილის რეკომენდაციით, ზაფხულის ცხელ დღეებში განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს საკვებისა და სასმლის უსაფრთხოებას, რათა საკვებით გამოწვეული ინფექციების რისკი მინიმუმამდე შემცირდეს.










