საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ჯარში გაწვევის წესი შეიცვალა
1788326322
სამართალდამცველებმა გურიაში, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ 28 აგვისტოს ბრალდებული ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნასაკირალში ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელ სახლში განზრახ მკვლელობის მიზნით ფარულად შეიჭრა. მან სახლში მყოფ ქალს ცივი იარაღით სიცოცხლისთვის საშიში, მრავლობითი დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
მიყენებული დაზიანებების შედეგად ქალბატონი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი ბრალდებულის სახით დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„სამართალმა იზეიმა, ცივსისხლიანი მკვლელი დაკავებულია. მადლობა შსს საგამოძიებო ჯგუფს მკვლელი არის გ. ე.-ძე, რომელიც შეიპარა ჩემი ძმის სახლში და ვერაგულად, აუღწერელი სისასტიკით სიცოცხლეს გამოასალმა ჩემი რძალი მარგო ზოიძე.
ჩვენი მწუხარება ცოტათი შემსუბუქდება, რადგან მკვლელი დაკავებულია. ოჯახი დაცლილია, მას პოლიცია იცავს. სადაც ცხოვრობენ, იმ ეზოში იქნება მხოლოდ ჭინჭარი, დალპება და ჩამოიშლება.
კიდე ერთხელ მადლობა შსს-ს, აწი მოისვენებს ჩვენი გარდაცვლილის სული. მკვლელი არის გვერდით კორპუსში მცხოვრები, გარდაცვლილის სუფრაზე გაზრდილი“, - ამბობს ოჯახის ახლობელი ტარიელ გიორგაძე.
„ჩემი დის მკვლელი, რომელიც იმ დღეს გაიძახოდა, მე რატომ არ გამაღვიძეს, გადავხტებოდი ფანჯარაშიო, თურმე ეგ იყო გადამხტარი და ჩემს დაიკოს 60 ჭრილობა არ აკმარა და ყელი გამოჭრა. მადლობა ოზურგეთის პოლიციის თანამშრომლებს“, - წერს მანანა გირკელიძე.
ცნობისთვის, გურიაში, სოფელ ნასაკირალში, 60 წლის მარგო ზოიძე-გიორგაძე საკუთარ სახლში სასტიკად მოკლეს. არსებული ინფორმაციით, მკვლელობა ფულის გამო მოხდა.