ზვიად შალამბერიძე: ჩვენი გუნდის ყოფილი ლიდერი როცა აკეთებს განცხადებას, რომელიც ფაქტებით არ არის გამყარებული, ორმაგი პასუხისმგებლობა ეკისრება, რომ ოპოზიციის წისქვილზე წყლის დასხმის საბაბი არ გახდეს

ზვიად შალამბერიძე

განცხადება არ იყო ფაქტებით და არგუმენტებით გამყარებული, ოპოზიციის სხვადასხვა ლიდერმა აიტაცა და ჩვენი გუნდის საწინააღმდეგოდ გამოიყენა. ასეთ განცხადებას როცა აკეთებს ადამიანი, რომელიც ჩვენი გუნდის ლიდერი იყო, რა თქმა უნდა, ორმაგი პასუხისმგებლობა ეკისრება, რომ მსგავსი განცხადებები ოპოზიციის წისქვილზე წყლის დასხმის საბაბი არ გახდეს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ზვიად შალამბერიძემ ირაკლი ღარიბაშვილის მორიგ წერილთან დაკავშირებით განაცხადა.

ზვიად შალამბერიძის თქმით, იმედი აქვს, მომავალში ადგილი აღარ ექნება მსგავს ინფორმაციას, რომელსაც ოპოზიცია აიტაცებს და „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ ყოველგვარი ფაქტისა და არგუმენტის გარეშე გამოიყენებს.

„ის ფაქტი, რომ გაზეთში რაღაც სტატია იყო მოყვანილი, ნამდვილად არ არის სერიოზული. ჩვენთვის მყარი არგუმენტი ვერ იქნება, რომ ამაზე რეალურად, საქმე აღიძრას ან რაღაც მსგავსი ნაბიჯი გადაიდგას. ნებისმიერი ასეთი წერილი, რომელიც ჩვენი გუნდის ყოფილი ლიდერის მხრიდან გამოქვეყნდება, აუცილებლად უნდა იყოს გამყარებული ფაქტებით და არგუმენტებით. სხვა შემთხვევაში იქნება არასერიოზული. ამას საზოგადოება, ჩვენი გუნდი სერიოზულად ვერ აღიქვამს. როგორც „ქართული ოცნების“ წევრი, ვიმედოვნებ, მომავალში აღარ იქნება მსგავსი განცხადებები, რომელიც ჩვენს გუნდს დააზიანებს“, – განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.