წყალი 10 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
1734460465
საქართველოს სახალხო დამცველი სახალხო დამცველთან არსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის პოპულარიზაციის, დაცვისა და იმპლემენტაციის მონიტორინგის საკონსულტაციო საბჭოს წევრთა ნაწილის განცხადებას ეხმიანება და განმარტავს, რომ ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შედეგად სახალხო დამცველის აპარატი მუშაობის საგანგებო რეჟიმზეა გადასული, სახალხო დამცველმა გააუქმა დაგეგმილი სხვადასხვა აქტივობა, მათ შორის, მივლინებები და შეხვედრები, ასევე რამდენჯერმე გადაიდო ეთნიკურ უმცირესობათა საბჭოს სხდომაც.
ამის შესახებ სახალხო დამცველის აპარატის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
„შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, შშმ პირთა საკონსულტაციო საბჭოს წევრებს განემარტათ, რომ რიგი გაუთვალისწინებელი გარემოებების გამო, დეკემბერში დაგეგმილ სხდომაში შესაძლოა სახალხო დამცველმა ვერ შეძლოს მონაწილეობა, შესაბამისად, სხდომა გადაიდო იანვრის პირველი ნახევრისთვის. აღნიშნულის იმგვარად წარმოჩენა რომ სახალხო დამცველი აჭიანურებს შშმ პირთა საკონსულტაციო შეხვედრის ჩატარებას, საკითხის მცდარი ინტერპრეტაციაა. შესაბამისად, კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ სხდომის გადადება გამოწვეული იყო მხოლოდ შექმნილი მდგომარეობით და არ ისახავს მიზნად საბჭოს მუშაობისა და შშმ პირთა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართვის რაიმე ფორმით შეფერხებას.
ამასთან, გვსურს ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ შშმ პირთა უფლებების დაცვა სახალხო დამცველის აპარატის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა და მიმდინარე მოვლენებისას შშმ პირთა უფლებების სავარაუდო დარღვევის ყველა იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომელიც საჯაროდ გახდა ცნობილი ან განცხადებით მოხდა მომართვა, სახალხო დამცველის მიერ განხორციელებულია შესაბამისი რეაგირება.
კერძოდ: შშმ პირებისთვის პირადობის მოწმობების ჩამორთმევის ფაქტთან დაკავშირებით სახალხო დამცველის აპარატის მიერ საკუთარი ინიციატივით დაწყებულია მოკვლევა.
საჯარო მოხელეებზე ზეწოლის შემთხვევებს სახალხო დამცველი გამოეხმაურა საჯარო განცხადებით და აპარატი გამოთქვამს მზადყოფნას შეისწავლოს თითოეული ინდივიდუალური საქმე, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე საჯარო მოხელეების სავარაუდო შრომით დისკრიმინაციასთან დაკავშირებით. აქვე აღვნიშნავთ, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე საჯარო მოხელის განცხადება ამ ეტაპზე აპარატში არ ფიქსირდება.
სახალხო დამცველი თავად ესწრებოდა შშმ პირის მიერ ხმის მიცემის პროცედურას და არჩევნების დღესვე გაკეთდა განცხადება ხმის მიცემის პროცესში გამოვლენილ ხარვეზებთან დაკავშირებით.
მიმდინარე საპროტესტო აქციებში მონაწილე და დაკავებული ყველა შშმ პირი მოინახულა სახალხო დამცველმა ან მისმა რწმუნებულებმა, რის შემდეგაც აპარატის მიერ განხორციელდა შესაბამისი რეაგირება. ამასთან სახალხო დამცველი, მათ შორის, საჯარო განცხადებებში ხაზს უსვამს შშმ პირების გამოხატვის თავისუფლების მნიშვნელობას და სახელმწიფოს ვალდებულებას უზრუნველყოს უსაფრთხო გარემო შშმ პირების პროცესებში თანაბრად მონაწილეობის მიზნით.
გარდა ამისა სახალხო დამცველის აპარატი აქტიურად მუშაობს შშმ პირთა უფლებების დაცვის ყველა მიმართულებით, მათ შორის, სახალხო დამცველი და მისი რწმუნებულები, მონიტორინგს უწევენ ფსიქიატრიულ სტაციონარებს, შშმ პირთა თავშესაფრებსა და სათემო ორგანიზაციებს. მხოლოდ გასულ თვეში, სახალხო დამცველი იმყოფებოდა ფსიქიატრიულ დაწესებულებებში რუსთავსა და სურამში, ასევე ბედიანის შშმ პირთა თავშესაფარში და კახეთში მდებარე სათემო ორგანიზაციებში. სახალხო დამცველის აპარატის მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგები აისახება სპეციალურ და საპარლამენტო ანგარიშებში“, - ნათქვამია განცხადებაში.