საჯარო რეესტრში არასოდეს მიიღება დასამალი და უკანონო გადაწყვეტილებები - საჯარო რეესტრის უფროსი განცხადებას ავრცელებს

საჯარო რეესტრი

მინდა, გამოვეხმაურო გუშინ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ღირსეულ თანამშრომლებზე და, ზოგადად, ორგანიზაციაზე გავრცელებულ სიცრუის, დეზინფორმაციისა და ცილისწამების უსაფუძვლო ნიაღვარს - ამის შესახებ სოციალურ ქსელში, საჯარო რეესტრის უფროსი დათო დევიძე განცხადებას ავრცელებს. 

„სავარაუდოდ, ტყუილების მოგონება სწრაფად მოუწიათ და უამრავი ერთმანეთთან დაუკავშირებელი მოვლენისა და გამონაგონის შერევით შეეცადნენ ჩრდილი მიეყენებინათ ჩვენს ორგანიზაციაში დასაქმებულებისთვის.

ცნობილი მოვლენებისთანავე (სადაც რეესტრი ფიგურირებს როგორც აღმასრულებელი რგოლი), ამოქმედდა დეზინფორმაციისა და სიყალბის, ტყუილებისა და მაქინაციების ქარხანა. დაიწყო უღირსი პერსონალური შეტევა საჯარო რეესტრის ზედმიწევნით კეთილსინდისიერ, ღირსეულ და პროფესიონალ თანამშრომლებზე.

ჩვენი ქვეყანა, მსოფლიო ბანკის რეიტინგების მიხედვით, სწორედ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლების პროფესიონალიზმისა და 24/7-ზე მუშაობის შედეგად არის წლების განმავლობაში საუკეთესო ქვეყნების მოწინავე სამეულში, ბიზნესის რეგისტრაციის სიმარტივისა და ქონებაზე უფლების რეგისტრაცის მოქნილობის კუთხით. მხოლოდ საქართველოში შეუძლიათ უძრავი ქონების მესაკუთრეებს დღეში რამდენჯერმე იყიდონ და გაყიდონ უძრავი ქონება, დაარეგისტრირონ და დაალიკვიდირონ ბიზნესი.

საჯარო რეესტრში არასოდეს მიიღება დასამალი და უკანონო გადაწყვეტილებები. ამის დასტურია ორგანიზაციის მხრიდან ყველა სარეგისტრაციო წარმოების სრული საჯაროობა. საჯარო რეესტრი, გამჭვირვალობის თვალსაზრისით, მსოფლიოში საუკეთესო მაგალითია და ნებისმიერი გადაწყვეტილება მიიღება საზოგადოებრივი კონტროლის პირობებში, ყველასთვის ხელმისაწვდომ ელექტრონულ ვებგვერდზე.

საჯარო რეესტრის თანამშრომლებმა გასული 2 წლის განმავლობაში 1 100 000 მიწის ნაკვეთი უფასოდ აუზომეს და აქედან 800 000-ზე მეტზე საკუთრების უფლება უკვე დაურეგისტრირეს ჩვენს მოსახლეობას.
ამ და სხვა არანაკლებ მნიშვნელოვან მიღწევებს არასოდეს დაუინტერესებია ტყუილებისა და ცილისწამების სპეციალისტები.

"გულანთებულები" საჯარო რეესტრით დაინტერესდნენ მაშინ, როდესაც 2024 წლის 28 მაისს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ", რომლის თანახმად, ორგანიზაცია, რომელიც აკმაყოფილებს დადგენილ კრიტერიუმებს, ვალდებულია მიმართოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვოს შესაბამის რეესტრში რეგისტრაცია.

ე.ი. რეესტრი აქტუალური გახდა მაშინ, როდესაც, პოლიტიკური მიზნებისთვის, დასჭირდათ ტყუილებით და ცილისწამებით, ამ უწყებისა და მისი წარმატებული თანამშრომლების მათ ენაზე ე.წ "გაშავება".

შეუძლებელია ტყუილებით ჩრდილი მიაყენონ პატიოსან და ღირსეულ ადამიანებს, ყველა კვამლი ძალიან სწრაფად იფანტება, როგორც ეს ასჯერ მაინც მოხდა ტყუილებზე დაფუძნებული, ისტერიულად წამოწყებული და პირწმინდად ჩავარდნილი სხვადასხვა პიარკამპანიის შემთავევაში (იუსტიციას ამ მხრივ, კარგი გამოცდილება აქვს).

ვახტანგ ბოხაშვილს რაც შეეხება: იგი საუკეთესო სტუდენტი იყო და ის ასე ახსოვს ყველას, ვინც მისი თანამედროვეა უნივერსიტეტიდან. ვერავინ შეძლებს არ დამეთანხმოს.

ვახო 13 წელიწადია სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობს საჯარო რეესტრში და არის სუფთა და პროფესიონალი საჯარო მოხელის მაგალითი. ყველა ყოფილმა და მოქმედმა რეესტრელმა, სხვა უწყებაში დასაქმებულმა კოლეგამ თუ ათასობით მოქალქემ იცის ვახოს საქმისადმი დამოკიდებულება და პროფესიონალიზმი, ასკეტურობამდე აყვანილი პატიოსნება. ვერავინ შეძლებს არ დამეთანხმოს.

ვახო თითქმის საზოგადოებრივ საწყისებზე წლებია ასწავლის უნივერსიტეტში და ბედნიერია, თუ მისი სტუდენტები წარმატებულები არიან. ვერავინ შეძლებს თქვას, რომ ერთხელ მაინც არ იყო სრუდენტებისთვის სამაგალითო.
ვახოს მამა წლების წინ დაინიშნა და მუშაობდა საჯარო რეესტრში, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ვახო არ იყო თანამდებობის პირი.

ვახოს საერთოდ არ აქვს კავშირი დანიშნულების შეცვლის კომისიის საქმიანობასთან. ეს რომ ასეა, თავად კომისიის სტატუსი და შინაარსი ადასტურებს. ვერცერთი ყოფილი თუ მოქმედი რეესტრელი ვერ გაიხსენებს შემთხვევას, რომ რომელიმეს მსგავს ან სხვა პირად საკითხზე თხოვნით მიმართა ვახომ. ვერავინ დაასახელებს ერთ შემთხვევასაც.
მიწის დანიშნულების ცვლილების პროცედურა და წესები დადგენილია კანონით და საჭირო დოკუმენტაციის ჩამონათვალი განსაზღვრულია ინსტრუქციით. ტყუილების სადემონსტრაციოდ შერჩეულ ყველა საქმეში ზედმიწევნითაა დაცული პროცედურები და კომისიის გადაწყვეტილებები სრულ შესაბამისობაშია კანონმდებლობასთან.

საქართველოში ერთადერთი უწყება, რომლის კომპეტენციაცაა მიწის დანიშნულების ცვლილება ან ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია, არის საჯარო რეესტრი. შესაბამისად, საჯარო რეესტრის თანამშრომლებსაც უფლება აქვთ, მიმართონ საჯარო რეესტრს, მათ სხვა ალტერნატივა არ გააჩნიათ. ისევე, როგორც სამოქალაქო რეესტრის თანამშრომელს თავისივე ორგანიზაცია დაუმზადებს პასპორტს ან/და პირადობის მოწმობას (ასეთი მაგალითი უამრავია). საჯარო რეესტრის თანამშრომლებს არ შეუძლიათ საკუთარი საქმე თავად განიხილონ და ეს რომ ასეა, არც ტყულების ავტორებს გაუხდიათ სადავოდ.

მიწის დანიშნულების შეცვლის მოთხოვნა დასაბუთებული იყო მათ შორის მშენებლობის ნებართვის გაცემაზე კომპეტენტური უწყების მიერ გაცემული სათანადო დოკუმენტით.

მიწის ნაკვეთები მდებარეობს თბილისის საზღვრებში, ურბანულად დატვირთულ, მაღალი ინტენსივობით განაშენიანებულ არეალში, სადაც მოწყობილია ქუჩები და საქალაქო ცხოვრებისთვის საჭირო ყველა კომუნიკაცია. საჯარო რეესტრს უფლება არ აქვს უარი უთხრას დაინტერესებულ პირს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, თუ წარდგენილია კანონით დადგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაცია სრულად. კომისია ვერ დაასაბუთებდა, რომ დედაქალაქში მდებარე მიწის ნაკვეთები სასოფლო-სამეურნეო სავარგულებად უნდა დარჩენილიყო მაშინ, როდესაც დოკუმენტაცია სრულყოფილად იყო წარდგენილი. აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში მიღებული პრაქტიკაა, რომ ქალაქის სტატუსის მქონე დასახლების საზღვრებში ყველა მიწის ნაკვეთი ითვლება არასასოფლოდ.

ის, რომ საჯარო რეესტრის თანამშრომლებმა მიწას დანიშნულება შეუცვალეს და ამით მიწა გაძვირდა - არის ტყუილი. თუ მესაკუთრე ბანკიდან კრედიტს აიღებს და მიწაზე შენობას ააშენებს - ეს კი ნამდვილად ზრდის შენობის და მიწის ერთობლივ ღირებულებას, მაგრამ საერთოდ არ წარმოადგენს საჯარო რეესტრის კომპეტენციას.
საჯარო რეესტრის თანამშრომლების ურთიერთნაცნობობაზე და ერთად გადაღებულ ფოტოებზე მითითებით, მათთვის დანაშაულის დაბრალება თავად წარმოადგენს ბინძურ ცილისწამებას და დანაშაულს.
სრულიად მიუღებელი და არაპროფესიონალიზმის, მიკერძოებული, პოლიტიკურად მოტივირებული და უსაფუძვლო ლაფის სროლის ნიმუშია სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს სასამართლოში თუ უნივერსიტეტში, საჯარო რეესტრის თანამშრომლებზე ადევნება, ჩვენი კოლეგებისთვის შეურაცხყოფის მიყენების მცდელობები, სევდიანი სანახაობაა...

საჯარო რეესტრის გამჭვირვალე და ყველასთვის ხელმისაწვდომი სერვისების წყალობით, ეს დაკვამლიანება ნებისმიერ წამს შეუძლია ნებისმიერმა დაინტერესებულმა ადამიანმა თავად გაფანტოს, შევიდეს შესაბამის ვებგვერდზე და თავად დარწმუნდეს, რომ ყველა წესი დაცულია, დოკუმენტები ადგილზეა და ტყუილს მოკლე ფეხები აქვს.

საჯარო რეესტრის თანამშრომლები კი საზოგადოებისთვის უკვე ყოველდღიურობად ქცეულ დაჩქარებულ ვადებში, ერთ გუნდად მუშაობით, ერთმანეთის, საზოგადოების და სიმართლის გვერდით დგომით ყველა მიმდინარე და ახალ რეფორმას წარმატებით დავასრულებთ“, - წერს სოციალურ ქსელში დათო დევიძე.