1741764397
როდის დაიწყეს ჩვენმა წინაპრებმა ხორცის მოხმარება - ახალი კვლევა

მრავალი ათეული წლის განმავლობაში მეცნიერები შეისწავლიდნენ ადრინდელი ჰომინინების კვების რეჟიმს, უფრო ზუსტად კი მათ დამოკიდებულებას მცენარეულ პროდუქტებზე. ამისდა მიუხედავად, დღემდე არ ვიცით როდის შემოვიდა ხორცი ჩვენი წინაპრების კვების რაციონში.
ეს ფაქტი აჩენს დიდ გაუგებრობას ჩვენს ცნობიერებაში ადამიანის ევოლუციასთან დაკავშირებით. როგორც ცნობილია, ხორცის რეგულარული მოხმარება, ტვინის ზრდის და ჰომინინების ევოლუციის ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი იყო, ვინაიდან ცხოველური პროდუქტები უფრო მაღალკალორიული და მარტივად მოსანელებელია, ვიდრე დაუმუშავებელი მცენარეული პროდუქტები, აგრეთვე შეიცავს ყველა აუცილებელ ამინომჟავას და მდიდარია ბიოლოგიურად მნიშვნელოვანი საკვები ნივთიერებებით, მინერალებითა და ვიტამინებით.
რაც დაზუსტებით ვიცით, არის ის, რომ ორ მილიონზე მეტი წლის წინ, მაშინ როდესაც ჰომოს გვარის წარმომადგენელი, ანუ დღევანდელი ადამიანების პირდაპირი წინაპარი გამოჩნდა, ჰომინინები უკვე რეგულარულად იღებდნენ ხორცს. ამას ადასტურებს იმ პერიოდში ქვის იარაღების გახშირებული გამოყენება ხორცის პროდუქტების დასამუშავებლად. ასევე აღმოჩენილია ნამარხი ძვლები ჭრის ნაკვალევით, რაც ხორცის დამუშავებაზე მიუთითებს.
თუმცა ეს ვერ გვცემდა პასუხს კითხვაზე, როდის და სად დაიწყო რეგულარულად ხორცის გამოყენება და ჩვენი წინაპრების, ანუ ჰომინინების რომელ სახეობაში მოხდა ეს ფუნდამენტური ცვლილება.
ახლა კი, ნამარხი კბილის ემალის წყალობით, ჩვენ პასუხს ერთი ნაბიჯით მივუახლოვდით. მკვლევრებმა სამხრეთ აფრიკაში, სტერკფონტინის მღვიმეში აღმოჩენილ კბილების ემალში, რომლებიც ჰომინინების გვარის ერთ-ერთ უძველეს წარმომადგენელ — ავსტრალოპითეკს ეკუთვნოდა, აზოტის იზოტოპები გაზომეს.
ერთი და იგივე ელემენტის ატომებს შეიძლება ჰქონდეს განსხვავებული ფორმები, რომელთაც იზოტოპები ეწოდება. მათი ბირთვი შეიცავს პროტონების ერთნაირ, თუმცა ნეიტრონების განსხვავებულ რაოდენობას, რაც ხდის მათ ცოტა უფრო მძიმეს ან მსუბუქს, თუმცა ინარჩუნებს ერთნაირ ქიმიურ თვისებებს. მაგალითად, ბუნებრივი აზოტი შედგება ორი სტაბილური იზოტოპისგან: აზოტ-14 (¹⁴N) და აზოტ-15 (¹⁵N)-სგან. ისინი გვხვდება ბუნებრივად, თუმცა მათი თანაფარდობა ბუნებაში ცვალებადია. კვებით სისტემაში, ჯაჭვის საფეხურებზე მაღლა ასვლასთან ერთად, იზრდება აზოტის იზოტოპების თანაფარდობა, რაც ნიშნავს, რომ მტაცებლებს აქვთ უფრო მაღალი ¹⁴N/¹⁵N თანაფარდობა, ვიდრე ბალახისმჭამელებს.
ამ იზოტოპების იდენტიფიცირება, გვეხმარება აღვადგინოთ ინფორმაცია ძველ კვებით სისტემებსა და ეკოსისტემებზე, რაც ეხმარება მეცნიერებს გაიგონ, თუ როგორ გავლენას ახდენდა წარსული გარემო ტიპები, სხვადასხვა სახეობების, მათ შორის ადრეული ადამიანების გადარჩენის უნარზე.
ასევე, იმ ცხოველების იზოტოპური მახასიათებლის გაზომვამ, რომლებიც ცხოვრობდნენ ავსტრალოპითეკთან ერთად, ერთსა და იმავე პერიოდსა და გარემოში, აჩვენა, რომ ეს მახასიათებელი დაბალი იყო, დაახლოებით ისეთივე როგორიც ბალახისმჭამელების.
აღმოჩენები აჩვენებს, რომ ეს მაიმუნისმაგვარი, მცირე ზომის ტვინის მქონე ჰომინინები უმეტესად მცენარეებით იკვებებოდნენ. თითქმის არ არსებობს ხორცის მოხმარების რაიმე მტკიცებულება. მართალია შესაძლებელია ითქვას, რომ იშვიათად მიირთმევდნენ კვერცხსა და მწერებს, თუმცა არ ნადირობდნენ მოზრდილ ძუძუმწოვრებზე, ნეანდერტალელებისგან განსხვავებით, რომლებმაც ნადირობა მილიონობით წლის შემდეგ დაიწყეს.
კბილებზე ორიენტირებული მიდგომა
ერთ-ერთმა მკვლევარმა, დოქტორ ლიუდეკემ, თავის სადოქტორო ნაშრომში დაიწყო ნამარხი კბილების ემალზე მუშაობა. მთავარი ფოკუსი, ემალში სტაბილური ნახშირბადის იზოტოპების გაზომვაზე იყო, იმისათვის, რომ გამოეკვლია, გადარჩენილი ან გადაშენებული ცხოველების კვების რეჟიმში მცენარეული საკვების მოხმარების წესი.
ამ მიდგომამ გვაჩვენა, აფრიკული სავანის ეკოსისტემაში მცხოვრები სახეობები უფრო მეტად მწვანე, ფოთლოვან მცენარეებზე იყვნენ დამოკიდებულნი, თუ ბალახის მაგვარ უხეშ ფლორაზე.
ბოლო კვლევის თანაავტორებმა, ალფრედო მარტინეს-გარსიამ და დანიელ სიგმანმა, შეიმუშავეს მეთოდი საკუთარ გუნდებთან ერთად, რათა გაეზომათ აზოტის იზოტოპები მარჯნულ მიკრონამარხებში — მინიატიურულ არსებებში, რომლებიც ნამარხი კბილების ემალის მსგავსად, თითქმის არანაირ ორგანულ მასალას არ შეიცავდნენ.
კვლევის ავტორები დაინტერესდნენ, რამდენად შესაძლებელი იყო, მსგავსი ტექნიკის გამოყენება აფრიკაში აღმოჩენილ უძველეს კბილებზე და საბოლოოდ დადგენა იმ თარიღისა, თუ როდის გახდა ადრეული ჰომინინებისთვის ხორცის ჭამა ქცევის ნაწილი.
კვლევა დაიწყო მცირე მასშტაბით. მეთოდი მოისინჯა იმ მღრღნელების კბილების ემალზე, რომელთა საკვები რაციონი სპეციალურად კონტროლდებოდა ექსპერიმენტისათვის. მეთოდმა გაამართლა. ამის შემდეგ კვლევამ გადაინაცვლა სამუზეუმო კოლექციებიდან მოპოვებული გარეული ძუძუმწოვრების კბილების ემალებზე და სხვა ცხოველებზე, რომლებიც ბინადრობდნენ აფრიკულ ეკოსისტემებში.
როდესაც მიღებული შედეგები დაემთხვა, კვლევის მოლოდინებს, გაჩნდა საიმედო დასაყრდენი. ლაბორატორიული ტესტირებების, მეთოდის დახვეწისა და შემოწმების შემდეგ, კვლევა მზად იყო დაეწყო ნამარხი კბილების ემალის გამოყენება, რომელიც აღმოაჩინეს სამხრეთ აფრიკის სტერკფონტინის გამოქვაბულის ერთ-ერთ უძველეს ნამარხთა შრეებში. ეს შრე, სახელად ,Member 4, ჩამოყალიბდა დაახლოებით 3.4 მილიონი წლის წინ, გვიანი პლიოცენის ხანაში... სრულად