საინჟინრო და სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა საერთაშორისო-სამეცნიერო VII კონგრესი გაიმართა

კონგრესი

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმის დარბაზში 22-24 სექტემბერს, გაიხსნა და მიმდინარეობდა  საინჟინრო და სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა VII საერთაშორისო კონგრესი (ICELIS 2026), რომელიც მიეძღვნა აკადემიის დაარსების 85-ე წლისთავს.

კონგრესი შესავალი სიტყვით გახსნა კონგრესის თავმჯდომარემ, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ბუნებრივი კატასტროფების სამეცნიერო პრობლემების შემსწავლელი კომისის თავმჯდომარემ, აკადემიკოსმა გივი გავარდაშვილმა; როგორც მან  აღნიშნა, - „ჩვენთვის დიდი პატივია თბილისში მსოფლიო დონის მეცნიერთა და მკვლევართა მასპინძლობა, რაც ორგანულად ეძღვნება ჩვენი აკადემიის დაარსების 85-ე წლისთავს, ICELIS 2026 ქმნის მძლავრ მრავალდარგობრივ პლატფორმას საინჟინრო ინოვაციებისა და სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებების ერთობლივი ძალისხმევისა და ინტეგრაციისთვის, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია გლობალური გარემოსდაცვითი გამოწვევების დასაძლევად”.

კონგრესზე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის გენერალური მრჩეველი, აკადემიკოსი გიორგი კვესიტაძე, ანკარის უნივერსიტეტის პროფესორი, კონგრესის გენერალური კოორდინატორი, დოქტორი ადემ სონმეზი, კონგრესის მედიატორი, თურქეთის მეცნიერებათა აკადემიის (TÜBA) წევრი, პროფესორი სეზაი ერჯიშლი, კონგრესის სპიკერი, პროფესორი ალი ბოზბეი (TOBB უნივერსიტეტი).

კონგრესის პლენარულ სხდომაზე მოხსენებებით გამოვიდნენ პროფესორი ალი ბოზბეი (TOBB უნივერსიტეტი) - „კვანტური კომპიუტერული ტექნოლოგია“; იარა ბეეკმა რეისი (New European Reuse Alliance, ნიდერლანდები) - „ცირკულარული ეკონომიკა და ნულოვანი ნარჩენები“; და ნობელის პრემიის ლაურეატი, პროფესორი ჯეფ ლივერმორი (მანჩესტერის უნივერსიტეტი, დიდი ბრიტანეთი) – „არის თუ არა შესაძლებელი Net Zero-ს მიღწევა 2050 წლისთვის?“. ეს უკანასკნელი მგონი ჩაერთო ონლაინ რეჟიმში, რაც უნდა აღინიშნოს!

სამ დღიანი ჰიბრიდული კონგრესი აერთიანებდა როგორც პირისპირ სესიებს აკადემიის ისტორიულ შენობაში, ისე პირდაპირ ონლაინ ტრანსლაციას პარალელურ ვირტუალურ დარბაზებში. სამეცნიერო პროგრამა მოიცავდა ისეთ აქტუალურ თემებს, როგორებიცაა ბუნებრივი კატასტროფების რისკების მართვა და ღვარცოფული პროცესები, შავი ზღვის სანაპირო ზოლის ეკოლოგიური მდგომარეობა და ევტროფიკაცია (რიონის პულსი), აგრობიოტექნოლოგია, ხელოვნური ინტელექტი წყლის რესურსების მართვაში და მდგრადი სატყეო მეურნეობა.

VII საერთაშორისო კონგრესის პლენარულ სხდომას ესწრებოდნენ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსები - ავთანდილ კოროხაშვილი და ლევან ჯაფარიძე, აკადემიის წევრ-კორესპონდენტი ნიკოლოზ ჩიხრაძე, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ბუნებრივი კატასტროფების სამეცნიერო პრობლემების შემსწავლელი კომისის წევრები, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი ლაშა დოლიძე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორები, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომლები, ასევე გაეროს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს (ECOSOC) საკონსულტაციო სტატუსის ორგანიზაცია ააიპ გარემოს დაცვის ეკოცენტრის მეცნიერი თანამშრომლები და მოწვეული სტუმრები.

კონგრესის მუშაობის ფარგლებში ჩატარდა სპეციალური თემატური სესია, რომელიც მიეძღვნა Interreg NEXT  „შავი ზღვის აუზის პროგრამა 2021-2027“-ის მხარდაჭერითა და ევროკავშირის დაფინანსებით მიმდინარე პროექტის - BSB00091: „წყალმცენარეების პოტენციალის გამოყენება დაბინძურების შემცირებისა და ლურჯი ზრდისათვის“ (AlgaeRevive) - ძირითადი სამეცნიერო შედეგებისა და მიღწევების შეფასებას. სესიაზე წარმოდგენილი იყო ტრანსსასაზღვრო კვლევების შედეგები, რომლებიც ასახავს მაკროწყალმცენარეების, როგორც ბუნებაზე დაფუძნებული გადაწყვეტის (Nature-based solution), გამოყენებას საზღვაო ევტროფიკაციის შემცირების, სანაპირო ზოლის დაბინძურებასთან ბრძოლისა და შავი ზღვის აუზის მასშტაბით მდგრადი ბიოეკონომიკური ინოვაციების ხელშეწყობის პროცესში.

კონგრესის დასასრულს აკადემიკოსმა გივი გავარდაშვილმა შეაჯამა ეს მნიშვნელოვანი მოვლენა და ჩვენთან საუბარში აღნიშნა: „უნდა აღინიშნოს, რომ ეს კონფერენცია ჩვენს ქვეყანაში  პირველად ტარდება და მოიცავს თითქმის ყველა იმ პრობლემატურ მიმართულებას, რომლებიც არსებობს ჩვენს პლანეტაზე. მათ შორისაა:  კლიმატური ცვლილებები, ბუნებრივი კატასტროფები, მშენებლობები, გარემოს დამცავი ბუნების სტიქიური მოვლენების საწინააღმდეგო კონსტრუქციები, ეკონომიკური მდგომარეობა (მწვანე ეკონომიკა, ციფრული ეკონომიკა) და ა.შ. ამ კონგრესში განსაკუთრებული როლი ენიჭება ისეთ მოხსენებებს, როგორიცაა- ციფრული ეკონომიკა, ნულოვანი ემისია; ასევე, კლიმატის ცვლილებებით გამოწვეული სხვადასხვა დესტრუქციული პროცესები, რომლებიც დიდ ზიანს აყენებს ქვეყნის ეკონომიკას.  განსაკუთრებით საინტერესოა სამხრეთ კავკასიის რეგიონში (მათ შორის, თურქეთშიც, შავი ზღვის მთლიან აუზში) მიმდინარე პრობლემები, როგორიცაა შავი ზღვის უსაფრთხოება, მოსახლეობის ბუნებრივი კატასტროფებისგან დაცვა და ასევე ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენება. კონგრესი მოიცავს თითქმის ყველა იმ მიმართულებას, რომლებიც აქტუალურია არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებისთვისაც“.

კონგრესის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო მსოფლიოს 25 ქვეყნის 100-მდე მეცნიერმა.

✕