საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა №200 საჯარო სკოლაში შშმ ბავშვებისთვის თეორიული და პრაქტიკული სწავლება ჩაატარეს

საგანგებო

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა, სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ მოზარდთა ცნობიერების ამაღლების მიზნით, ქალაქ თბილისის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე №200 საჯარო სკოლაში თეორიული და პრაქტიკული სწავლება ჩაატარეს.

სწავლება, პრაქტიკული ღონისძიებების დემონსტრირების გარდა, სკოლის პედაგოგებისა და ამავე სასწავლო დაწესებულების აღსაზრდელი შშმ ბავშვებისთვის საგანგებო სიტუაციების დროს საჭირო ქცევის წესების შესახებ საინფორმაციო ბრიფინგის ჩატარებას ისახავდა მიზნად.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამოქალაქო უსაფრთხოების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა მოსწავლეებს საგანგებო სიტუაციების დროს ქცევის წესებისა და რეაგირების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. №200 საჯარო სკოლის პედაგოგები და აღსაზრდელები სიმულაციურ სწავლებასაც დაესწრნენ, სადაც მეხანძრე-მაშველებმა რეალობასთან მაქსიმალურად მიახლოებულ გარემოში განახორციელეს ურბანულ ხანძარზე რეაგირების დემონსტრირება, დაშავებულის შენობიდან ევაკუირება და სხვადასხვა სამაშველო სავარჯიშო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის 2022 წლის სამოქმედო გეგმის ფარგლებში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აქტიურად თანამშრომლობს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სკოლებთან და აღნიშნული ტიპის სწავლებებს სისტემატურად ატარებს.