„განზრახ მკვლელობა განსაკუთრებული სისასტიკით...“ - პროკურატურა, ბრალდებულის შესახებ ახალ დეტალებს ავრცელებს

ცნობილია ბრალდებულის ვინაობა, რომელმაც გურიაში მეზობელ ქალს 60 ჭრილობა მიაყენა და მოკლა

საქართველოს პროკურატურამ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 28 აგვისტოს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალში ბრალდებულმა განსაკუთრებული სისასტიკით, განზრახ მოკვლის მიზნით დაზარალებულს, მისსავე საცხოვრებელ სახლში, დანით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 31 აგვისტოს დააკავეს. დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „მ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.