რუსთავში 25 წლის ექთანი ქორწინების მიზნით მოიტაცეს - გოგონა კლინიკიდან მოტყუებით გაიყვანეს

სამართალდამცველები

რუსთავში ახალგაზრდა ქალი ქორწინების მიზნით მოიტაცეს. ის სოფელ გაჩიანში ერთ-ერთ ოჯახში დამალეს, ხოლო მოგვიანებით, სხვა სახლში გადაიყვანეს.

ქალის ოჯახის წევრებმა მისი გაუჩინარებიდან მალევე დასახმარებლად სამართალდამცველებს მიმართეს. "ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, მომხდარზე დაკავებულია ე.წ. სასიძო, სასიძოს და და კიდევ ორი პირი.

25 წლამდე ექთანი, ბიჭის ახლობლებმა და ნათესავმა ქალებმა, სამსახურიდან, ერთ-ერთი კლინიკიდან მოტყუებით გაიყვანეს და გაჩიანში, სასიძოს სახლში წაიყვანეს, სადაც ის გამოკეტეს.

მალევე ბინაში სასიძოც გამოჩნდა. 30 წლამდე მამაკაცმა ახალგაზრდა ქალს უთხრა, რომ მის ცოლად მოყვანას აპირებდა. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალს დაოჯახება არ სურდა, რის გამოც სახლიდან გაქცევაც სცადა, თუმცა უშედეგოდ.

გოგონას სახლში არ გამოცხადების შემდეგ მშობლებმა დახმარებისთვის პოლიციას მიმართეს. დაიწყო სამძებრო სამუშაოები, თუმცა მამაკაცის ახლობლებმა პოლიციისთვის კვალის არევის მიზნით, გოგო სხვა სოფელში, ნათესავის სახლში, გადამალეს.

რუსთავის პოლიციის თანამშრომლები კვალზე დროულად გავიდნენ და დაადგინეს სახლი, სადაც გატაცებულ გოგოს მალავდნენ.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, დაკავებულია სასიძო, ასევე სასიძოს და, პასუხისგებაში მიეცა მოტაცების ხელშემწყობი პირი, ხოლო 2 პირზე გამოცხადდა ძებნა.