რუსები ერთმანეთს ურჩევენ, რატომ უნდა შეიძინონ ქონება და იცხოვრონ საქართველოში - ვიდეომ ქართველები აღაშფოთა

Rusetis moqalaqeebi

რუსეთის მოქალაქეები სოციალურ ქსელში ერთმანეთს რეკომენდაციებს აძლევენ, თუ რატომ ღირს საქართველოში უძრავი ქონების შეძენა და საცხოვრებლად გადასვლა.

ოკუპანტი ქვეყნიდან ჩამოსულები წერენ, რომ საქართველოში ცხოვრების გასახანგრძლივებლად ერთადერთი მთავარი ფაქტორი უძრავი ქონების ყიდვაა. 

Tik-Tok-ზე ვრცელდება ვიდეო, სადაც რუსეთის მოქალაქე პუნქტებად განმარტავს, რატომ ღირს საქართველოში უძრავი ქონების შეძენა და რა უპირატესობები აქვს ამ ფაქტს.

„რაში გჭირდებათ დროებითი ცხოვრების უფლება საქართველოში? - უძრავი ქონება, რომელშიც 100 ათას დოლარზე მეტს გადაიხდით, გაძლევთ ქვეყანაში დროებითი ცხოვრების უფლებას, ამბობს ის და შემდეგ რეკომენდაციებს ავრცელებს: 

„არ გახვიდეთ საქართველოს ფარგლებს გარეთ იმისთვის, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე ყოფნა გაიხანგრძლივოთ;
გახვიდეთ ქვეყნიდან საკუთარი ავტომობილით, ქართული სანომრე ნიშნებით; გააფორმოთ შენგენის და სხვა ვიზები საქართველოს ტერიტორიაზე; გაიხანგრძლივოთ ქვეყანაში ყოფნის ვადები მანამ, სანამ უძრავი ქონება თქვენს საკუთრებაშია; დატოვოთ თქვენი ქვეყანა, საქართველოში ცხოვრების საფუძველზე“,- აღნიშნავს რუსი მოქალაქე და არწმუნებს სხვა რუსებს, რომ „საქართველოში ცხოვრების უფლება მოქმედებს ოჯახის ყველა წევრზე მიუხედავად იმისა, ვისზეა გაფორმებული უძრავი ქონება“.

რუსი, რომელიც სოციალურ ქსელში თავისიანებს რჩევებს აძლევს, თბილისს მეგაპოლისად მოიხსენიებს, მოსწონს ბორჯომის ხეობა და ბათუმი, თუმცა მას ქართულ ქალაქად არ თვლის და 90-იანებიც ახსენდება:

„ბათუმი მოგაგონებთ ნოვოროსიისკის, რომელიც არის ქვეყნის მსხვილი პორტი და საბჭოური ქალაქი, ბათუმი არ არის მკვეთრად გამოკვეთილი ქართული ქალაქი, ეს აჭარაა. აქ შერეული კულტურებია. საქართველოს ცოტა რამეს თუ აწარმოებენ, უფრო მეტად შემოაქვთ პროდუქტი და სხვა ნაწარმი, ამიტომ აქ 90-იანი წლები გაგახსენდებათ“,- ამბობს რუსი ტურისტი.

რუსეთიდან ჩამოსული კიდევ ერთი მოქალაქე კი ამბობს, რომ საქართველო კარგი ვარიანტია საცხოვრებლად, რადგან მარტივია ჩამოსვლა და ცხოვრება. მისი თქმით, მასპინძელიც გულთბილად დახვდა და შეუძლია გაჩერდეს იმდენ ხანს, რამდენიც მოუნდება.

 

ვიდეოს თარგმანი: "მთავარი არხი“