1793808279
თბილისის საქალაქო სასამართლოში ნია იმნაძისა და ანასტასია ბერუაშვილის პროცესი მიმდინარეობს - გიგა ავალიანის მკვლელობის საქმე
თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგა ავალიანის საქმეზე - ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზებაში ბრალდებული ნია იმნაძის და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული ანასტასია ბერუაშვილის პროცესი მიმდინარეობს. სხდომაზე ბრალდების მხარე მტკიცებულებებს გამოიკვლევს.
საქმის პროკურორი, ქეთევან სონიძე აღნიშნავს, რომ მოწმის სახით დაიკითხა საქმის გამომძიებელი, ასევე ეკა კუპატაძის თანამშრომელი - მასწავლებელი, რომელიც ამავე ცენტრში მუშაობდა და ნია იმნაძის კლასელი.
„დღევანდელ სასამართლო სხდომაზე, ნინა იმნაძის ბრალდების საქმეზე მოწმის სახით დაიკითხება მისი კლასელი არასრულწლოვანი გოგონა, ასევე მოწმის სახით გამოიკითხება საქმის სამი გამომძიებელი. ასევე მოწმის სახით წარმოდგენილია ეკა კუპატაძის თანამშრომელი მასწავლებელი, რომელიც ამავე სასწავლო ცენტრში მუშაობდა და ქართულს ასწავლიდა. ნინა იმნაძის კლასელთან დაკავშირებით მოგეხსენებათ, რომ ამ ბავშვს საუბარი ჰქონდა ნია იმნაძესთან, მასწავლებელთან დაკავშირებით, ანუ, როგორც მისმა მასწავლებლებმა განმარტეს, მათ გარკვეული ინფორმაცია მიაწოდა ნია იმნაძემ, თითქოსდა ის იყო შევიწროების მსხვერპლი და დაახლოებით მსგავს ინფორმაციას უნდა ფლობდეს მისი კლასელი - არასრულწლოვანი მოწმე, რომელიც გამოიკითხა გამოძიებაში და დაახლოებით ამ შინაარსის ჩვენება მისცა გამოძიებას, ვნახოთ რა ინფორმაციას მიაწვდის ის სასამართლოს", - აცხადებს ქეთევან სონიძე.
ნია იმნაძე და ანასტასია ბერუაშვილი 5 აგვისტოს დააკავეს.











