პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ჟურნალისტი ნანული ცხვედიანი აფხაზეთში ფაღუპული ძოწენიძეების ოჯახის ტრაგედიას იხსენებს:
„აფხაზეთის თემა და ომის უმძიმესი შედეგები არაერთხელ გამიშუქებია რეგიონულ პრესაში. თურმე, ერთ-ერთი ტრაგიკული ფურცელი ჩემთან სულ ახლოს ყოფილა გადაშლილი და არ ვიცოდი...
მუდამ შავებში შესუდრული ჩვენი დამლაგებელი ჩუმი, თავდაჭერილი ქალი იყო, ზედმეტად არავის შეაწუხებდა. დილაუთენია ჩამოუვლიდა რედაქციის სამუშაო ოთახებს, ძველ პარკეტს მოაპრიალებდა, ნაგვის პარკებს გაიტანდა, ჟურნალისტების სამუშაო მაგიდებზე ახალი წყლით სავსე, კრიალა გრაფინებს ჩამოდგამდა და, ოფისი რომ ახმაურდებოდა, ის, უკვე წასასვლელად გამზადებული, გაოფლილ თეთრყირმიზა სახეს შავი ქსოვილით იწმენდდა.
რატომ ეცვა ნანა ფაცაციას, აფხაზეთიდან დევნილ ქალბატონს, ასეთი მძიმე ძაძები? ამ შეკითხვის მიცემა ვერავინ შეჰკადრა. ჩავთვალეთ, რომ ქმარი ჰყავდა გარდაცვლილი და კოლხი ქალის წესისამებრ ეცვა სამგლოვიარო სამოსი.
იმ დილით კი ჩვეულებრივზე ადრე მივედი რედაქციაში - სააღდგომო ნომრისათვის სტამბაში გასაგზავნი მასალების რედაქტირება უნდა მომესწრო. ჩემი ოთახის კართან ვიღაცის მოგუდული ქვითინი შემომესმა, სიტყვებიც გავარჩიე:
- ჩემო უყვავილო ანგელოზებო! ჩემო უსაფლავო ქმარ-შვილო! სად გადაგიგოროთ, დედა, წითელი კვერცხები, სად დავაწყო, დედა, თქვენთვის ყვავილები!
ძარღვებში სისხლის გამყინავი იყო ეს ჩუმი, სასოწარკვეთილი მოთქმა. ვიღაც ისე ხმადაბლა გოდებდა, თითქოს მთელ სამყაროს უმალავდა თავის უნაპირო ტკივილს, მხოლოდ სათავისოდ სურდა ეს უზარმაზარი სატანჯველი.
ფრთხილად შევაღე კარი. ვხედავ, დამლაგებელი ნანა ზურგშექცევით ზის და, არასდროს თვალი რომ არ მოგვიკრავს,აი, ის ულამაზესი, ქერა, შოლიო თმები ჩამოშლია ზურგზე, მისი შავი თავსაფარი კი ნანადირევი ფრინველივით დაკვდომია ჩემს სამუშაო მაგიდას. შემობრუნდა და... ღმერთო, რა ახალგაზრდა და მშვენიერი ქალი ყოფილა!
ჩემს დანახვაზე ნანამ უმალ შეწყვიტა ტირილი, თმები სასწრაფოდ აიკრა და კვლავ შავი თავსაფრით შეიმოსა.
- მაპატიეთ, შეგაწუხეთ. - მოკრძალებით ჩაიღუღუნა თავისი თბილი ხმით,- აღდგომა მოდის და ჩემი უბედურება გამიახლდა. ახლავე მოგიტანთ წყალს და გავალ.
სწორედ შეკითხვის დასმის დრო იყო, ფრთხილად ჩავეძიე, ვის დასტიროდა.
- ქმარს და ორ შვილს. - თავჩაღუნულმა მიპასუხა. - მეუღლე ორმოცდახუთი წლის იყო, უფროსი ბიჭი - ოცდაერთის , მომდევნო - ცხრამეტის. სოხუმი არ დატოვეს, ჩვენი ქალაქია, ჩვენც სხვებთან ერთად უნდა დავიცვათო. გამომისტუმრეს ქუთაისში, უმცროს შვილთან, რძალთან და პაწია შვილიშვილთან ერთად. მალე დაგაბრუნებთ სოხუმშიო, გვამშვიდებდნენ. თვითონ სამუდამოდ იქ დარჩნენ... საფლავებიც კი არ ვიცი მათი, სად დაიმარხნენ...
„მე აფხაზი ტყვიას არ მესვრის!“
თუ 80-იანი წლების სოხუმში რომელიმე ქალს ბედნიერი ეთქმოდა, ერთ-ერთი მათგანი ნანა ფაცაციაც იყო. მან და ამირან ძოწენიძემ ქუთაისში, მეზობლის ოჯახში გაიცნეს ერთმანეთი. რაკი ნანა დედისერთა იყო და მშობლიური ქალაქის დატოვებაც ეძნელებოდა, მეუღლემ თანაგრძნობა გაუწია - საცხოვრებლად სოხუმი აირჩიეს. აქ შეეძინათ სამივე შვილი.
ამირანი ნიჭიერი და მიზანსწრაფული ახალგაზრდა აღმოჩნდა, სულ მალე დაიმკვიდრა თავისი ადგილი სოხუმის საზოგადოებაში, შეიძინა დიდი სამეგობრო და სანაცნობო წრე. ყველგან და ყოველთვის გამოირჩეოდა ცხოვრების წესით - მისთვის უზენაესი იყო ადამიანობა და პიროვნული ღირებულებები. მათ ქუჩაზე, მათივე სახლის მახლობლად, ორი აფხაზი ძმა ცხოვრობდა, რომელთანაც განსაკუთრებული მეზობლობა ჰქონდათ. ეს უბრალო კი არა, დიდ მეგობრობაში გადასული ურთიერთობა იყო. ძალიან ახლობლობდნენ ოჯახები.
ამირან ძოწენიძემ სოხუმში ერთ -ერთმა პირველმა დააარსა კერძო ფირმა, საქმე კარგად მისდიოდა და იმის შესაძლებლობაც ჰქონდა, არა მხოლოდ ცოლ-შვილი ჰყოლოდა მატერიალურად უზრუნველყოფილი, არამედ - სხვებისთვისაც გაეწოდებინა დახმარების ხელი.
მაგალითად, ქალაქისათვის დიდი ძნელბედობის ჟამს, როცა მოსახლეობა შიმშილობდა, ამირანმა ტრაილერით გორიდან სოხუმში დიდძალი სურსათი ჩაიტანა და არა მარტო ქართველობას დაეხმარა, აფხაზებსაც გულუხვად დაურიგა პროდუქტი. ომის პირობებში მას ეთნიკური ნიშნით არ განურჩევია მოშიმშილე და გაჭირვებული ადამიანები. უბრალოდ, ასეთი იყო ის, ასეთი და არა - სხვაგვარი: კაცი - ქველმოქმედი, კაცი - მოყვასის დამფასებელი და ერთგული.
მშობლიურ ქალაქში, ქუთაისში, უკანასკნელად რომ ჩამოვიდა, მოულოდნელად, სოხუმისკენ გზა გადაიკეტა, არანაირი სატრანსპორტო საშუალება აღარ გადიოდა და ამირანი ბოლო იმედს ჩაებღაუჭა - ქუთაისის მერიაში მივიდა, თვითმფრინავით გაფრენაში დახმარების სათხოვნელად. ვიცე-მერს ელეგანტური, დახვეწილი ახალგაზრდა კაცი დაენანა და ურჩია - ცოლ-შვილი აქეთ ჩამოსვლას როგორმე შეძლებს, შენ კი იქ ნუღარ წახვალ, არ გაგახარებენ ასეთ კარგ და გამორჩეულ ქართველს აფხაზებიო.
„მე აფხაზი ტყვიას არ მესვრის!“ - იყო ამირანის პასუხი. უბიდან ფოტო ამოიღო და მის თანატოლ ვიცე-მერს უჩვენა,- მე ამირანი მქვია, შენც ეს სახელი გრქმევია, ეს პატარა ანგელოზიც ჩვენი სეხნიაა - ამიკო, ჩემი შვილიშვილი. სოხუმში რომ გელოდებოდეს ასეთი ანგელოზი, რას იზამდი, ამირან, სხვისი დახმარების იმედით მიატოვებდი და არ გაფრინდებოდი მასთან?
ვიცე-მერის პასუხი ის იყო, რომ ამირან ძოწენიძემ შეძლო თვითმფრინავში თავისი ადგილის პოვნა და ცოლ-შვილთან დაბრუნება.
მერე მამამ და უფროსმა ვაჟებმა მოახერხეს არეული, უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი ქალაქიდან ქალებისა და ბავშვების განრიდება, თავად ალმოდებულ სოხუმში დარჩნენ.
ოჯახის წევრთა განშორების წუთები სამუდამოდ ჩარჩა ნანასა და მისი ახალგაზრდა რძლის მეხსიერებაში.
აეროპორტი გაჭედილი იყო ხალხით, თვითმფრინავში შეღწევას და თავის შველას ამაოდ ცდილობდა დიდი თუ პატარა.
- შენც მიდიხარ, გვტოვებ, ბუთხუზ? - დაუძახეს იარაღიანმა ბიჭებმა ძოწენიძეების უფროს ვაჟს. ბუთხუზმა (გივიმ) პასუხად მიუგო:
- მე ჩამოვალ თვითმფრინავიდან, ბიჭებო, ჩემებს ჩავსხამ და ჩამოვალ!
მართლაც მოახდინა სასწაული: დედას, მეუღლეს, შვილს, პატარა ძმას - ალეკოს, როგორღაც, შესვლაშიც მიეხმარა და დასაჯდომი ადგილიც მოუხერხა. მეუღლე ტიროდა, ეხვეწებოდა, შენც წამოდიო.
- მაია, ვაჟკაცის ცოლი გინდა გერქვას, თუ ლაჩრის? - ამშვიდებდა ბუთხუზი,- ნუ გეშინია,გოგო, ყველაფერი კარგად იქნება, ჩვენ სოხუმს გადავარჩენთ. მალე ჩამოვალთ და წამოგიყვანთ. აი, ნახეო!
თვითმფრინავი ისე იყო გაჭედილი, ტრაპიდან გაღწევა შეუძლებელი შეიქნა. სარკმლიდან გაჭირვებით გაძვრა და გადახტა 21 წლის გმირი მომავალ თანამებრძოლებთან შესაერთებლად.
„ბუთხუზი თავისი ბუნებით, შემართებით, ნამდვილი მებრძოლი იყო, ვეფხვივით ბიჭი, მამაცი, შეუპოვარი.- იხსენებს წლების შემდეგ მისი მამიდა აზა (როზა) ძოწენიძე - ქუთათელაძე, - სულ მეშინოდა, ისეთი გაბედულია, რაიმე არ მოიწიოს-მეთქი. იმ პერიოდში ქუთაისის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში გადმოვიდა სასწავლებლად და იმედი გამიჩნდა, როგორმე გავარიდებ საომარ სიტუაციას-მეთქი, მაგრამ ბუთხუზი და საქვეყნო საქმისაგან განდგომა? მაშინვე სოხუმს მიაშურა. უმცროსი ძმაც, 19 წლის ზაზა (იგივე ნოდარი) მის გვერდით დადგა. ზაზა ძალიან განსხვავებული ბუნებისა იყო: მორცხვი, მოკრძალებული, ნამდვილი ინტელიგენტი. მაგრამ, თავის მშობლიურ ქალაქს რომ დასჭირდა, ისიც სოხუმის დამცველებს შორის აღმოჩნდა“.
ქალბატონი აზასათვის დღემდე ამაღელვებელია ის მძიმე წუთები, როცა მისი ძმის დევნილი ოჯახი ქუთაისს მოადგა:
„პირველმა ჭიშკარი პატარა ალეკომ შემოაღო.
- ბიჭები სად არიან-მეთქი? - შევძახე აღელვებულმა.
- მე, დედა, მაია და ამიკო წამოვედით. ბუთხუზი და ზაზა მამასთან დარჩნენ, სოხუმში, ვაჟკაცები არიანო.“ - ამიხსნა პატარა ბიჭმა“.
1992 წლის დეკემბერში სოხუმში ქართველ ჟურნალისტთა ერთი ჯგუფი ჩაფრინდა რეპორტაჟის მოსამზადებლად. აზა ძოწენიძეს დღემდე ზეპირად ახსოვს მისი ძმის, სოხუმის ერთ-ერთი დამცველის, ამირან ძოწენიძის პასუხი ჟურნალისტ ალექსანდრე შენგელიას შეკითხვაზე:
- მიუხედავად იმისა, რომ ქუთაისელი ვარ და არა მკვიდრი სოხუმელი, მე არასოდეს აქაურობას არ დავთმობ. ეს ჩემი საქართველოს ნაწილია, ჩემი შვილები აქ დაიბადნენ და მოვალე ვარ, სოხუმისთვის ბოლომდე აქ ვიდგეო.
ოჯახი ამაოდ ელოდა მამასა და შვილებს:
სოხუმი რომ დაეცა და ქართველობა წამოვიდა, ჭუბერიდან გადმოსულ მანქანებსა და ჯგუფებს დიდი იმედით ხვდებოდნენ; ეგონათ, ნაბრძოლი მამაკაცები დევნილთა უკანასკნელ ნაკადებს გამოჰყვებოდნენ. სულ ბოლო მანქანაში კი მხოლოდ მეზობელი აღმოჩნდა. მათ დანახვაზე ტირილი აუტყდა. ნანა და აზა სასოწარკვეთილნი შეჰყურებდნენ ბიჭს, რომელიც არაფერს ამბობდა, ხმას არ იღებდა...
მერე სად არ სცადეს, ამბავი გაეკითხათ, ვის არ მიმართეს დახმარების თხოვნით, რა სანაცნობო ურთიერთობები არ გაიხსენეს. ვერავინ ვერაფერი უთხრა. თურმე იცოდნენ და ვერ ეუბნებოდნენ საშინელ სიმართლეს, რომ...
ამირანი და მისი ორივე შვილი ტყვედ ერთად აუყვანიათ. ბუთხუზს ლიმონკა სჭერია ხელში და სწორედ ეს არ უპატიებიათ ძოწენიძეებისათვის. მოგვიანებით ერთ-ერთ თვითმხილველს გადმოუცია შემზარავი დეტალიც: მამას აყურებინეს, როგორ აწამეს და დახვრიტეს თვალწინ მისი ანგელოზივით ბიჭები.
- მე მომკალით, მეო! - იხვეწებოდა თურმე უბედური მამა. და მერე, მისი ჯერიც რომ დამდგარა, თავადვე შვებით მიუშვერია მკერდი ავტომატისათვის.
წლებია, დაეძებს ძოწენიძეების ოჯახი დახოცილი მამისა და შვილების საფლავს.
გადმოცემით, მკვლელებს სამივე ერთად ჩაუმარხავთ მათსავე უბანში, სახლთან ახლოს
(რკინიგზის თავზე ცხოვრობდნენ, სადგურის ქ. N40). ადრეულ პერიოდში შედარებით იოლად შეიძლებოდა საფლავის მიგნება,რადგან თვითმხილველი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. ამოსაცნობად ის ნიშანიც გამოდგებოდა, რომ ამირანს გულის ჯიბეში თავისი პატარა შვილიშვილის სურათი ედო. მაგრამ, სამწუხაროდ, საერთაშორისო ორგანიზაციების, კერძო პირების ძალისხმევა უშედეგო აღმოჩნდა, ვერ მიაგნეს ამირანისა და მისი ბიჭების უკანასკნელ ადგილსამყოფელს.
... ოჯახმა ისიც შეიტყო: აფხაზს არ უსვრია ამირანისა და მისი შვილებისთვის, სხვები იყვნენ.
ნანა ფაცაცია და მისი ოჯახი საცხოვრებლად ქუთაისიდან თბილისში გადავიდა. ნანას არ ურბენია ინსტანციიდან ინსტანციაში განცხადებებით ხელში, არ უთხოვია დახმარება და შეღავათი იმის გამო, რომ დევნილია და სოხუმის გმირი დამცველების მეუღლე და დედა. ის პატარა ბუდეც, დედაქალაქში რომ მოიწყო, მისი დაუღლელი გარჯისა და შრომის შედეგია.პატარა ალეკო, ალექსანდრე ძოწენიძე, მამამ და უფროსმა ძმებმა რომ ალმოდებულ სოხუმს გამოარიდეს, ახლა საქართველოს სახელმწიფო დაცვის სამსახურის თანამშრომელი, ორი მშვენიერი გოგონას - ქეთევანისა და მარიამის მამაა.ამიკო - ამირანიც, ვისი სურათიც მოსახელე ბაბუას უბის ჯიბით დაჰქონდა, დღეს ძოწენიძეების გვარისა და ჯილაგის გამგრძელებელია, კაი ყმის მეუღლემ - ქალბატონმა მაიამ იგი ღირსეულ ვაჟკაცად აღზარდა.ოჯახის დედაბოძი, დიდი ტრაგედიის გადამტანი ნანა ფაცაცია კი გასაოცარი ძალითა და ჭირთა თმენით დღემდე ახერხებს პირად ჯოჯოხეთთან გამკლავებას, დაუღლელ შრომას, ოჯახის ახალი წევრებისათვის სითბოსა და სიყვარულის განაწილებას.ცხოვრობს ოჯახი თავისი ტკივილითა თუ სიხარულით, ცხოვრობს იმის იმედით, რომ ერთხელაც კვლავ ახმიანდება მათთვის ზღვის სანაპირო, ერთხელაც გულში ჩაიკრავს შვილებს მშობლიური სოხუმი.მათ კერაზე ახლა აფხაზი ცხოვრობს. თუ ჩამოვლენ, სახლს დავუბრუნებო, უთქვამს...სოხუმში ნამყოფმა მეგობრებმა ალეკოს გამოუგზავნეს კიდეც მათი სახლის სურათი.სადგურის ქუჩაზე ხელუხლებლად შემორჩენილ ამ სახლთან ძოწენიძეების ოჯახის უამრავი სიხარული და ტკივილია დაკავშირებული...ვინ იცის, იქ, ენგურსგაღმა, სანაპიროზე, ექოდ მიდის ქართველი ქალის ჩუმი გოდება:- ჩემო უსაფლავო ქმარ-შვილო!ჩემო უყვავილო ანგელოზებო!“ - წერს ნანული ცხვედიანი
5 ნიშანი იმისა, რომ ანგელოზი გმფარველობთ
1732355944