„როცა მიგიყვანთ ადგილზე და ინჟინერს 2 თვით თქვენს თავს ჩავაბარებ, იქიდან კვირაში ორი დღე ვერ გახვალთ, ვერ დაისვენებთ“ - ლექსო ჩარკვიანი ლეჩხუმელ ახალგაზრდებს დასაქმებას ჰპირდება

დასაქმება

სოციალურ ქსელში ლექსო ჩარკვიანის პოსტი გავრცელდა, რომელიც ახალგაზრდებს ხელობის შესწავლასა და დასაქმებას ჰპირდება.

ბიჭებო, ასევე გოგონებო (რატომაც არა). მივაღწიე შეთანხმებას ერთ-ერთ სამშენებლო კომპანიასთან, რომ უსასყიდლოდ შეგასწავლონ ხის A-ტიპის ბიუჯეტური კოტეჯების მშენებლობა. პრაქტიკულად, 1-2 თვეში ლეჩხუმში დაბრუნდებით და კუთხის მშენებლობა თქვენზე იქნება, გოგონები დიზაინზე იმუშავებთ, საჭირო მარტივ კომპიუტერულ პროგრამას მე უზრუნველყოფ თქვენთვის, არ გამორჩეთ ამ აქტივობას, როგორც კი დასრულდება თქვენი განათლება შეგხვდებით, შეგკრავთ უფრო მყარად ჯგუფს, თანამედროვე კოტეჯებში ლეჩხუმური სახლების ტიპური ორნამენტებს შეიტანთ, იმუშავებთ ლეჩხუმისთვის.

რომ ისწავლით და საქმეებს აიღებთ ლეჩხუმში დამკვეთს კოტეჯთან დასჭირდება ლანჩაფტის დიზაინი, ამას ადგილზე ლეჩხუმში შეგასწავლით, რაშიც თბილისიდან დაგვეხმარება ერთ-ერთი კომპანია, ისიც უანგაროდ. საუკეთესო რეკლამას გაგიკეთებთ და ლეჩხუმის შენება თქვენ უნდა გააგრძელოთ. ეს ჩემი ხმამაღალი ნათქვამი თქვენზეა დამოკიდებული. დამიკავშირდით, რომ შევკრა მაქსიმუმ 5 კაციანი ჯგუფი, შეიძლება მეტიც, ვნახოთ აქტივობა როგორი იქნება, დიდი აქტივობის შემთხვევაში გავესაუბრები კომპანიის ხელმძღვანელობას.“ - დაწერა ლექსომ და საკონტაქტო ნომერიც მიუთითა - 599 89 38 38.

„პრაიმტაიმი“ მას დეტალების გასარკვევად დაუკავშირდა. როგორც აღმოჩნდა, გოგონების აქტივობაც დიდია, თუმცა საბოლოოდ ყოყმანობენ.

„მესამე დღეა პოსტი დევს და ჯერ კიდევ ველოდები გამოხმაურებებს. 2 ოჯახი, ახალგაზრდა ცოლ-ქმარი დამიკავშირდა, სხვადასხვა სოფლიდან. უნდა აღვნიშნო, რომ გოგონები აქტიურობენ, მაგრამ პირობებს რომ იგებენ, ცოტა ემძიმებათ. ვნახოთ, იმედი მაქვს ჯგუფს შევკრავ. 7,8,10 ადამიანისგან შექმნილი ჯგუფი ძალიან ჯარგი იქნება, მთავარია, გამოჩნდნენ.

რომ მირეკავენ ვეუბნები, რომ კაბინეტში ვერ დასხდებიან. უნდა იშრომონ, ინჟინრის გვერდით იყვნენ, ხელებში, ფეხებში უყურონ, რასაც ეტყვიან, უნდა გააკეთონ, რასაც შეჭამს, ის უნდა ჭამონ. თქვენი სამოსი, აღჭურვილობა უნდა გქონდეთ. ყველას ვაფრთხილებ, რომ როცა მიგიყვანთ ადგილზე და ინჟინერს 2 თვით თქვენს თავს ჩავაბარებ, იქიდან კვირაში ორი დღე ვერ გახვალთ, ვერ დაისვენებთ, ასე არაფერი გამოვა. მეც არ მინდა კომპანიას შევუთანხმდე, მივიყვანო ხალხი და შემდეგ შევრცხვე. 2 თვე ადამიანმა უნდა გაძლოს ისეთი პროფესიისთვის, რაც მის კუთხეში გამოადგება. 

სხვა კუთხის წარმომადგენლებიც მირეკავენ, კახეთიდან, თბილისიდან, მაგრამ ვცდილობ, რომ ჯერ ლეჩხუმელებით შევავსო ჯგუფი“, - ამბობს ლექსო ჩარკვიანი.