როცა დავბრუნდები, ჩემს სიზმარზე დოკუმენტური ფილმი უნდა გადავიღო... - ომის შვილების დევნილობაში გატარებული ბავშვობა

რამდენიმე დღის წინ დევნილთა დასახლებას, წეროვანს ვსტუმრობდი. მას შემდეგ რაც იძულებით გადაადგილებულთა ეს ახალი მისამართი გაჩნდა, უკვე აღარც მახსოვს რამდენჯერ ვარ ნამყოფი. ემოციები ყოველ ჯერზე ერთი და იგივეა... სევდიანი გავყურებ მწკრივებში ჩაწყობილ, სოკოებივით ერთნაირ სახლებს და გონებაში ომის კადრები მიტრიალებს...

ამჯერად ომის შვილებზე უნდა გიამბოთ. ბავშვებზე, რომლებსაც ეს სტატუსი თავად არ აურჩევიათ...

„როცა დავბრუნდები, ჩემს სიზმარზე დოკუმენტური ფილმი უნდა გადავიღო...“

 

2008 წლის აგვისტოს ომმა უამრავი ბავშვი აქცია დევნილად. მათ საკუთარი სოფლები და სახლები ახლაც ახსოვთ. წეროვანში, დევნილთა მხოლოდ ერთ დასახლებაში, ომის შემდეგ ბევრი ბავშვი დაიბადა. არა და ისინი მამაპაპისეულ სახლებში უნდა გაზრდილიყვნენ. ახლა მათ მხოლოდ გადმოცემით, მონაყოლით იციან სოფლები, რომლებიც ერთმორწმუნე მტერმა, რუსეთმა წაართვა.

19 წლის მარიამ მელთაური ახალგორიდან არის. 2008 წელს 6 წლის იყო თუმცა კარგად ახსოვს ის პერიოდი, მაშინდელი ემოციები და განცდები დღემდე მოჰყვება...

„2008 წლის 7 აგვისტოს დავტოვეთ ახალგორი, დასასვენებლად წავედით ზღვაზე. როცა გორი გავიარეთ მაშინ იბომბებოდა ქალაქი... როცა ყველაფერი დამთავრდა, თბილისში ნათესავთან ჩავედით. გარკვეული პერიოდი კახეთშიც ვიცხოვრეთ. მერე, როცა შედარებით სიტუაცია დალაგდა, ახალგორში დავბრუნდით.

კადრებად მახსოვს ჩვენი პირველი შესვლა ახალგორში. იყო ძალიან დიდი შიში. მამა მაშინ საქართველოსი არ იყო. მე დედა და ჩემი ორი და შევედით... მახსოვს ტანკები, საგუშაგოები, სამხედროები, ძალიან უცხო და საშიში გარემო. გვეშინოდა, მაგრამ სხვა გზა არ იყო, წასასვლელი არსად გვქონდა. პირველ კლასში იქ ახალგორის სკოლაში შევედი. მერე იყო ერთი ტრაგედია. სკოლის დარაჯს, ეზოში ნაპოვნი ჭურვი ხელებში აუფეთქდა და ერთი კიდური მთლიანად დაკარგა. ამის შემდეგ მივხვდით, რომ იქ გაჩერება სახიფათო იყო და ახალგორი დავტოვეთ. მერე, როცა წეროვანში ნაუცბადევად აშენდა სოკოებივით ერთნაირი სახლები, აქ დავსახლდით. მოგეხსენებათ, წეროვანში ლიახვისა და ქსნის ხეობის ხალხი ვართ ჩასახლებულები. აქ ერთი ხეც არ იდგა. როცა ნიავი ამოვარდებოდა, ყოველ ჯერზე გვეგონა, რომ სახურავს ახდიდა. ერთმანეთისთვის უცნობ ადამიანებს საერთო ტკივილი და ისტორია გვაერთიანებდა.

პარალელურად, ჩვენს ცხოვრებაში სულ იყო ახალგორი. ომის შემდეგ მოგვცეს საბუთი და პერიოდულად შევდიოდით ჩვენს მიწა-წყალზე. სახლი, რომელიც ომამდე ორი წლით ადრე ჩვენი ახლობელი ოსი ქალბატონისგან შევიძინეთ, წაგვართვეს. იმ ბინაში ისევ ძველი მეპატრონე, ჩვენი ახლობელი ქალბატონი დაეპატრონა. მენატრება ის ურთიერთობები რომელიც იქ, ახალგორში გვქონდა სამეზობლოს, საახლობლოს.

ახალგორში ბოლოს 2019 წლის ზაფხულში ვიყავი. აქედან არც ისე შორს არის. გვქონდა შესაძლებლობა, რომ დილით ჩავსულიყავით და საღამოს უკან დავბრუნებულიყავით. იქ თითქოს სხვა სამყაროა...

სიზმარში ხშირად მინახავს ახალგორი. ჩემი ოცნებაა, როცა დავბრუნდებით ჩვენს სახლებში და ამის იმედი არასდროს დამიკარგავს, მინდა ჩემს სიზმარზე მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი გადავიღო. სიზმარი კი ასეთი იყო: თითქოს ახალგორში დაბრუნების პირველი დღე იყო, კლასელები სკოლის ეზოში ვიყავით შეკრებილები და ერთმანეთს ვეუბნებოდით, რაც გამოვტოვეთ ამ წლები განმავლობაში, ყველაფერი ავინაზღაუროთ - მეთქი. მინდა ეს სიზმარი მალე რეალობად იქცეს.

ორად იყოფა ჩემი ცხოვრება, ომამდე და ომის მერე. მე ვარ ომის შვილი! რაც დრო გადის და ასაკი მემატება, უფრო ვიაზრებ რა გამოვიარეთ და რას გავდივართ. ახლა როცა უკრაინაში ომია, ჩვენს ჭრილობებს გვიახლებს. ეს ყველაფერი ემოციურად ძალიან ძნელია.

მე წეროვანში გავიზარდე და ესეც ჩემი სახლია, მაგრამ როდესაც ვგულისხმობ ნამდვილ ხალხს, ყოველთვის ახალგორს ვგულისხმობ. მგონია, რომ ძალიან მალე ჩვენ ყველანი დავბრუნდებით ჩვენს ნამდვილ სახლებში. სტუდენტი ვარ, ტურიზმის მენეჯმენტს ვეუფლები და მჯერა, როცა იქ დავბრუნდებით, ჩემი პროფესიით ვიმუშავებ. ახალგორში უამრავი ისტორიული ადგილია და მინდა, რომ ეს სფერო განვავითარო.“- ამბობს მარიამი.

„მე ვარ ანანო, წარმოშობით ლიახვის ხეობიდან, მაგრამ წეროვანში დაბადებული...“

 

მარიამის მსგავსად, ანანოც ომის შვილია, ოღონდ 2008 წლის შემდეგ დაბადებული. აგვისტოს ომამდე, მისი ოჯახი სოფელ ქურთაში ცხოვრობდა. იქაურობა თვალით არასდროს უნახავს, მხოლოდ გადმოცემით იცის, მაგრამ მაინც ენატრება და უყვარს...

„მე ვარ ანანო კახნიაშვილი 12 წლის, წარმოშობით ლიახვის ხეობიდან, მაგრამ წეროვანში დაბადებული და გაზრდილი. აქაურობა შეუცვლელია ჩემთვის, მაგრამ რაც გავიზარდე და გავიგე ჩვენი ხეობის შესახებ, აქაურობისა და ლიახვის ხეობის სიყვარული გათანაბრდა.

ფოტოებით, გადმოცემით ვიცი, რომ ორ მთაზე იყო შეფენილი რამდენიმე სოფელი, მათ შორის ჩემი ქურთაც. ალბათ ადვილად წარმოსადგენია როგორი ლამაზი იქნებოდა გაზაფხულზე ეს სოფლები. პაპას, საშვილიშვილოდ აუშენებია სამ სართულიანი აგურის სახლი. დღეს ყველა სახლი მიწასთან არის გასწორებული. სოფელი ქურთა ჩემს მეხსიერებაში მაინც წარმოსახვაში აწყობილი ულამაზეს წალკოტად დარჩება. რუსეთი სწორედ ამ სილამაზეს დახარბდა, მიიტაცა და დღეს იმ ადგილას აეროდრომს აშენებს.

მართლა არ მესმის, რატომ უნდა მოკლა ამდენი ადამიანი და უფრო მეტი აქციო დევნილად?! მართალია თვალით არასდროს მინახავს ჩემი ლიახვის ხეობა, მაგრამ მაინც მენატრება და ეს ჩემთვის პირადი ტრაგედიაა. შეიძლება ვიღაცამ თქვას, იქ არასდროს ყოფილა და ასეთი სიყვარულით როგორ უნდა ილაპარაკოსო, მაგრამ ღამით, როცა საკუთარ თავთან ვრჩები, კიდევ ერთხელ ვიაზრებ და ძალიან მტკივა. აგვისტოს ომი, რომ არ ყოფილიყო, უფრო უდარდელი და ხალისიანი ბავშვობა გვექნებოდა...ძალიან დიდი სურვილია იმისა, რომ დავბრუნდეთ, თუნდაც მიწის მუშებად.“- ამბობს ანანო.

ომის შვილების ისტორიააზე სიუჟეტი  გადაცემაში „ღამის პრაიმ თაიმი“ გავიდა. იხილეთ გადაცემა სრულად