როცა ჩემი გამზრდელი სახლიდან მიდიოდა, კედელთან მაყენებდა და მცემდა - მარტა ბარამიძე ბავშვობის მძიმე დღეებზე

მარტა ბარამიძე

მარტა ბარამიძეს, რომელსაც უამრავი ადამიანი იცნობს "მასტერშეფიდან" და ასევე სერიალ "ჩცდ"-ში შესრულებული როლიდან, „თბილისელებთან“ ინტერვიუში მარტამ გულახდილად ისაუბრა მძიმე ბავშვობასა და ძალადობაზე, რომელსაც მის მიმართ ახორციელებდნენ.


– ჩემს ბავშვობაზე და იმ მძიმე პერიოდზე ხმამაღლა საუბარი ძალიან გამიჭირდა. ეს ამბავი მეგობრების წრეს არ იყო გაცდენილი და პირველად მოხდა, რომ საჯაროდ ვილაპარაკე. სიმართლე გითხრა, არ მინდოდა, მაგრამ საკუთარ თავს დავუსვი კითხვები და მერე გადავწყვიტე, რომ ამ პრობლემაზე აუცილებლად უნდა მესაუბრა საჯაროდ. საქართველოში ოჯახში ძალადობა ხდება, მაგრამ ინფორმაცია ამის შესახებ ოჯახშივე იმალება. თუ, ვინმეს აქვს  ასეთი ისტორია ან ვინმე დღეს მსგავს სიტუაციაშია, აუცილებლად უნდა თქვას. მე არ მყავდა ადამიანები, ვისაც ვეტყოდი, გაიგებდნენ და გვერდით დამიდგებოდნენ. წლების განმავლობაში ამ ყველაფერს საკუთარ თავში ვინახავდი. ოჯახში, სადაც ვიზრდებოდი, ფიზიკურად ძალადობდნენ ჩემზე. მე არაფერი ვიცი ჩემი ბიოლოგიური მშობლების შესახებ. რაღაც პერიოდი ვცადე ინფორმაციის მოძიება, თუმცა ხელჩასაჭიდი არაფერი მქონდა და ვერ გავარკვიე. ვისაც ვეკითხებოდი, არავინ არაფერს მეუბნებოდა, მათ შორის ჩემი გამზრდელიც.


– რატომ იყავი ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი? შენი აღმზრდელის მეორე ქმარი ალკოჰოლზე დამოკიდებული იყო?

– არა, არ ყოფილა ალკოჰოლზე დამოკიდებული. ძალიან დიდ ფაქტთან იყო დაკავშირებული, რატომ აკეთებდა ამას. ამ საკითხზე მხოლოდ ფსიქოლოგთან და მეგობრებთან მაქვს ნასაუბრები. ჩვენ ერთ ოთახში ვცხოვრობდით, სადაც საძინებელი ფარდით იყო გამოყოფილი. იმის გამო, რომ ღამით ტირილით ან შეწუხებული ხმით, ვაპროტესტებდი იმას, რაც ჩემზე ცუდად მოქმედებდა და არ მომწონდა, დილით, როცა ჩემი გამზრდელი სახლიდან მიდიოდა, კედელთან მაყენებდა და მცემდა. ეს წლები გრძელდებოდა.

–  შენს გამზრდელს ინფორმაცია ჰქონდა ამის შესახებ?

– როდესაც გავიზარდე, მერე ვუთხარი. როცა უკვე იმდენი ძალა მქონდა, ვინმეს, რომ ჩემზე ხელი აეწია, თავის დაცვას შევძლებდი. მანამდე პატარა ვიყავი და ვერანაირი რეაქციით ვერ ვპასუხობდი. ჩემმა გამზრდელმა მას უბრალოდ შეეკითხა, ეს მართლა ასე იყო თუ არა.  მან კიდევ, არაო, უპასუხა და საუბარიც დამთავრდა. მე ვამტკიცებდი ჩემს სიმართლეს და ამ ყველაფერს ძალიან მძაფრად გამოვხატავდი. ჩემი გამზრდელის სახლში ყოფნა არასოდეს მახარებდა და მაბედნიერებდა, მით უმეტეს მას შემდეგ, რაც ეს ამბავი ვუთხარი. ბოლო წლები იმ სახლში აღარც ვცხოვრობდი, მისი მშობლების სახლში გადავედი, ორ მოხუცთან. იქ არავინ ძალადობდა ჩემზე და თავს კარგად ვგრძნობდი. არაჩვეულებრივი ადამიანები იყვნენ, თბილები და საყვარლები.

– როდის  და როგორ გაიგე, რომ ნაშვილები იყავი?

– ის ფაქტი, რომ ბიოლოგიურმა  მშობლებმა არ გამზარდეს, ჩემთვის მძიმე არაა. ეს საკითხი აბსოლუტურად ნორმალურია იმ კუთხით, რომ ვისაც ნაშვილები ჰყავთ ბავშვები, არაჩვეულებრივი მშობლები არიან და იმაზე მეტს აძლევენ, ვიდრე ბიოლოგიურ მშობლებს შეუძლიათ. სხვა საკითხია, როცა სიმართლის გაგება გინდა. ბავშვობიდან ვიზუალურად  გამორჩეული ვიყავი, არავის ვგავდი. ყველა რუსულად მელაპარაკებოდა, უცხოებს არ ეგონათ ქართველი თუ ვიყავი. მერე, ერთხელაც, ჩემი გამზრდელის დედას ვკითხე და მითხრა: ნაშვილები ხარ, რომ დაიბადე, შენმა მშობლებმა გაგყიდეს და ჩვენ გიყიდეთო. ეს ამბავი ჩვეულებრივად მივიღე და არანაირი რეაქცია არ მქონია.