1783196706
რომელი ვირუსებია ყველაზე ხშირი ამჟამად - ინგა მამუჩიშვილი მშობლებს აფრთხილებს
მაღალი სიცხე, ყელის ძლიერი ტკივილი და დიარეა - რომელი ვირუსებია ყველაზე ხშირი ამჟამად? - პედიატრი ინგა მამუჩიშვილი სოციალურ ქსელში მშობლებისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს.
„ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გახშირდა შემთხვევები, როდესაც ბავშვებს ერთდროულად აღენიშნებათ მაღალი ტემპერატურა, ყელის ძლიერი ტკივილი და დიარეა, რაც მშობლების ბუნებრივ შეშფოთებას იწვევს.
ზაფხულის სეზონზე ამ სიმპტომების ყველაზე ხშირი მიზეზი ენტეროვირუსული ინფექციებია (კოქსაკი, ექოვირუსი) ისინი ადვილად ვრცელდება როგორც ჰაერწვეთოვანი, ისე ფეკალურ-ორალური გზით და განსაკუთრებით აქტიურობენ ბავშვთა დაწესებულებებში, აუზებსა და დასასვენებელ ადგილებში.
დაავადება, როგორც წესი, იწყება უეცრად-მაღალი სიცხითა და ყელის ძლიერი ტკივილით. ამას შეიძლება დაემატოს დიარეა, მუცლის ტკივილი, ღებინება, ზოგადი სისუსტე, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში, პირის ღრუში ან ხელისა და ფეხის კანზე გამონაყარიც.
მსგავსი სიმპტომები შეიძლება გამოიწვიოს ადენოვირუსმაც, ამიტომ მხოლოდ კლინიკური ნიშნებით ზუსტი ვირუსის დადგენა ყოველთვის შეუძლებელია. მნიშვნელოვანია, ექიმმა საჭიროების შემთხვევაში გამორიცხოს ბაქტერიული ინფექციაც, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ყელის ტკივილი ძალიან გამოხატულია.
მკურნალობის საფუძველია:
საკმარისი სითხის მიღება;
ტემპერატურის კონტროლი ასაკისა და წონის შესაბამისი სიცხის დამწევით;
მოსვენება და სიმპტომური მკურნალობა.
აუცილებლად მიმართეთ ექიმს, თუ ბავშვს აღენიშნება:
სითხის დალევაზე უარი ან გაუწყლოების ნიშნები;
განმეორებითი ღებინება;
მაღალი სიცხე, რომელიც რამდენიმე დღე გრძელდება ან ძნელად კონტროლდება;
ძლიერი მოდუნება, ძილიანობა ან სუნთქვის გაძნელება.
გახსოვდეთ, ვირუსული ინფექციების უმეტესობა თვითგანკურნებადია, თუმცა თითოეული ბავშვის მდგომარეობა ინდივიდუალურად უნდა შეფასდეს. სწორი შეფასება და დროული კონსულტაცია საუკეთესო გზაა სწრაფი და უსაფრთხო გამოჯანმრთელებისთვის“ - წერს პედიატრი.











