პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ასი წლის მარიამ ბეჟაშვილი, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანდარში, ოჯახთან ერთად ცხოვრობს.
საუკუნეს მიღწეული ექთანი, მუნიციპალიტეტში მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს შორის, ერთადერთი, ცოცხლადდარჩენილი მონაწილეა.
ვეტერანი ქალი იხსენებს, რომ მეორე მსოფლიო ომის დაწყების დღისათვის, სამედიცინო განათლება უკვე მიღებული ჰქონდა. ახალგაზრდა ექთანი ომში 1942 წელს, 19 წლის ასაკში გაიწვიეს და დაჭრილების დასახმარებლად, წინა ხაზზე გაუშვეს.
„ძალიან მიყვარდა მედიცინა და მომწონდა, როცა ხალხს ვეხმარებოდი. 19 წლის ვიყავი, ომში რომ წავედი და მაშინვე წინა ხაზზე მოვხვდი, ბელორუსიაში. უმძიმესი ბრძოლები იყო, ყოველ წუთს ადამიანები კვდებოდნენ, ან დაჭრილებს დახმარება სჭირდებოდათ. საშინელება ტრიალებდა. ომი რომ დამთავრდა, ვოცნებობდი, მეტად აღარ მოვსწრებოდი. რაც უკრაინაში ბრძოლები მიმდინარეობს, უფრო ცუდად ვარ, ყველაფერი გამიახლდა"- გვიყვება მარიამ ბეჟაშვილი.
ვეტერანი მოგვითხრობს, რომ წინა ხაზზე მყოფი ყველა მებრძოლი, გააფრთხილეს ტყვედ არ მოხვედრილიყვნენ. საშიშროების შემთხვევაში, მათ საწამლავი უნდა მიეღოთ.
„გვითხრეს, ტყვედ არ ჩავარდეთო, თუ ამის საფრთხე იქნება, წამალი მიიღეთო. იყვნენ ისეთებიც, ვისაც შეეშინდა, თავს ვერ მოვიკლავთო, ყვიროდნენ. მე არაფრის მეშინოდა, უკან არასოდეს დამიხევია.შიში ძალიან ცუდი მოკავშირეა, ომში ეგ არის ყველაზე სახიფათო".
მარიამ ბეჟაშვილის ოჯახიდან, მეორე მსოფლიო ომში, მისი ძმაც მოხვდა. ვეტერანი ქალი ჰყვება, რომ 19 წლის ახალგაზრდას ომმა, დნეპროპეტროვსკში სამხედრო სამსახურის დროს მოუსწრო.
„დნეპროპეტროვსკში იყო, პროფესიით ვეტერინარი, იქ მსახურობდა. გადმოცემით ვიცით, რომ მდინარე დნეპრზე, გემით შევიდა 12 კაციანი შემადგენლობა, სადაც სულ სამედიცინო განათლების ადამიანები იყვნენ. გემი გერმანელებმა ააფეთქეს და ჩემი ძმა, უგზო-უკვლოდ დაიკარგა. მე სამი წელი ვიბრძოდი, არც კი ვიცი, როგორ გადავრჩი. ძალიან ძნელი იყო იქ, სიცოცხლის შენარჩუნება. ომზე დიდი საშინელება არაფერია, სხვას, ყველაფერს, უმკლავდება ადამიანი. ომში კი ქალები, ბავშვები იხოცებიან და საუკუნო მტრობა იბადება“,- ამბობს ვეტერანი.
მარიამ ბეჟაშვილს მრავალრიცხოვანი ოჯახი ჰყავს. ის ხუთი თაობის დაბადებას მოესწრო, თუმცა ერთი შვილი და შვილიშვილი გარდაეცვალა, რაც მისთვის ძალიან მძიმე იყო.
რუსეთ- უკრაინის ომში, საუკუნის ვეტერანს, უკრაინის წარმატების სჯერა, რადგან თვლის, რომ ომს ყოველთვის ის მოიგებს, ვის მხარეზეც სიმართლე დგას.
დღეს, მეორე მსოფლიო ომის ერთადერთი ცოცხლად დარჩენილი მონაწილე, გურჯაანის მაჟორიტარმა დეპუტატმა და მუნიციპალიტეტის მერმა მოინახულეს. მარიამ ბეჟაშვილი 1000 ლარიან ჯილდოსაც მიიღებს, რაც მთავრობის გადაწყვეტილებით, ყველა ვეტერანს გადაეცემა. სულ, კახეთის რეგიონში, მეორე მსოფლიო ომის 10 მონაწილეა დარჩენილი.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი