როგორც არასდროს, საჭიროა ნათლად გამოვხატოთ უკრაინისადმი თანადგომა და მხარი დავუჭიროთ ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში - მეუფე მელქისედეკი

მეუფე

„დღეს ისე, როგორც არასდროს, საჭიროა ნათლად გამოვხატოთ უკრაინისადმი თანადგომა და მხარი დავუჭიროთ ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში", - ასე ეხმაურება მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკ ხაჩიძე უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს. 

„თქვენთან ერთად მეც შეძრწუნებული ვუყურებ უკრაინაში მიმდინარე რუსულ აგრესიას. ქართველებმა ალბათ, ყველაზე კარგად ვიცით, თუ რა საფრთხეებთანაა დაკავშირებული რუსული ოკუპაცია, ამ ფონზე კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ეროვნული სულისკვეთებისა და ერთიანობის შენარჩუნება, რაც უკრაინელებს, ღვთის მადლით, ნამდვილად არ აკლიათ.

რუსეთის აგრესია იმდენად ცხადი და თვალსაჩინოა, რომ თავად მიტროპოლიტი ონოფრეც კი (რომელიც უკრაინაში არსებულ რუსულ ეკლესიას ხელმძღვანელობს), პრეზიდენტ პუტინს აკრიტიკებს და სისხლის ღვრის შეწყვეტისკენ მოუწოდებს. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ომი მხოლოდ ბრძოლის ველზე არ მიმდინარეობს. ჩვენ ყველანი საინფორმაციო ომშიც ვართ ჩართულები და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ყურადღებით ყოფნა, რათა საერთო მტერმა ამ უყურადღებობით არ ისარგებლოს.

დღეს ისე, როგორც არასდროს, საჭიროა ნათლად გამოვხატოთ უკრაინისადმი თანადგომა და მხარი დავუჭიროთ ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში. გთხოვთ, გააძლიეროთ ლოცვა გარდაცვლილთა სულებისთვის და უფალს შევევედროთ, რომ დაიცვას და გააძლიეროს უკრაინა“, - წერს მეუფე მელქისედეკი.