ჰაერის ტემპერატურამ 48 გრადუსს მიაღწია... - რა მდგომარეობაა ევროპაში, სადაც ტემპერატურა პიკს აღწევს
1751824808
აკრძალული პროდუქტების არმიღება არ არის მარხვაში საკმარისი. უნდა წავიკითხოთ ეკლესიის მამათა სწავლებები, მაგალითად, იოანე სინელის „კიბე“, რათა მარხვის დროს სულმა ასეთი სწავლებებით დაიკმაყოფილოს მოთხოვნილებები. მარხვის დროს განსაკუთრებით გემოთმოყვარეობის, ნაყროვანების ცოდვაში ვცვივდებით, ეს კი, თავისთავად, უამრავ სხვა ცოდვას შობს, რაც კარგად აქვს აღწერილი იოანე სინელს თავის „კიბეში“. სწორედ ამ საკითხის შესახებ უფრო დაწვრილებით გვესაუბრება ნარიყალას წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი (თევდორაშვილი).
– როგორ უნდა შეამოწმოს ადამიანმა საკუთარი თავი, სწორად მარხულობს თუ არა?
„კარგად უნდა გადახედოთ საკუთარი ცხოვრების წესს. თუ მრისხანებაში ხართ, განკითხვაში, ბევრს ლაპარაკობთ, ჭორაობთ, ესე იგი, არასწორად მარხულობთ. მესამე არის კადნიერება – ადამიანი, რომელიც ნაყროვანებაში, მცონარებაშია, კადნიერი ხდება მოძღვართან, მშობელთან, მეგობართან, ხელმძღვანელთან, თანამშრომელთან. ხშირად ამბობენ, არ შემიძლია, სიმართლე რომ არ ვთქვა, თავს ვერ ვიკავებო. სიმართლე უთხარი საკუთარ თავს, დას, ძმას, მშობელს – ისიც, თუ შეგიძლია და ამის მზაობა გაგაჩნია. უპირველეს ყოვლისა კი საკუთარ თავს უნდა უთხრა, რომ უსაქმურობაში ხარ, მცონარე ხარ და სხვადასხვა ვნებას დაატარებ. კადნიერებას მოჰყვება განცხრომა. როდესაც ადამიანი მარხვაზეა, მაგრამ, მუდმივად დადის წვეულებებზე, დაბადების დღეებზე, ქორწილებში და სახლშიც ცდილობს, ყველაფერი გაამარტივოს, გააუბრალოოს და კომფორტული ცხოვრება მოიწყოს. განცხრომას კი მოჰყვება სიცილი, აქ საუბარია უჯერო, უადგილო სიცილზე.
სიცილის შემდეგ კი მოდის კამათი, თან, არასაღვთო კამათი. დღეს ყველაფერზე კამათობენ, უაზრო საკითხებზე, პოლიტიკაზე – ჩვენ ხომ დღემდე პოლიტიკით ვცხოვრობთ. სამწუხაროა, მაგრამ, ბევრი მოძღვარიც მინახავს სუფრასთან, საზოგადოებაში 24 საათი პოლიტიკაზე რომ ლაპარაკობს. მოძღვრის მოვალეობა ღვთისმეტყველება, ლოცვა, მარხვა და მრევლისთვის პირადი მაგალითია. კამათს კი მოსდევს გულქვაობა. როცა შენ დაიღლები ოჯახის წევრთან ან ახლობელთან კამათით, მერე ის გეზიზღება და გულქვა ხდები მის მიმართ. როცა ვინმე გეზიზღება, მართლმადიდებელი აღარ ხარ, ცოდვილი ხარ – კი არ უნდა გძულდეს, უნდა გეცოდებოდეს; გულქვაობას კი მოჰყვება ურჩობა, ანუ, ყოველგვარი დამორჩილება წყდება.
ურჩობას კი მოჰყვება ულმობლობა – შენში აღარაფერია ადამიანური, არავის აღარ ინდობ. ულმობელობის შემდეგ კი ადამიანი დაბნეული ხდება, ვეღარ გაუგია, ვინ ვინ არის, ვის მოუსმინოს და შესაბამისად, კარგი მრევლი ხდება არა წმინდა სულისთვის; მეთერთმეტეა სიამაყე და გონების სიციარიელე. ნახეთ, საბოლოოდ სადამდე მივყავართ ამ ვნებას. ბოლო, მეთორმეტე არის წუთისოფლის სიყვარული: თუ გინდა, რომ კარგად ჭამო, სვა და, გაერთო, უნდა დაუძმობილდე წუთისოფელს, გემოთმოყვარეობას. თუ ადამიანმა ვერ მოიპოვა სულიწმიდის მადლი, ის ვერ დაამარცხებს იმ ცოდვებს, რომლებიც ჩვენ ჩამოვთვალეთ. ასე რომ, გავაგრძელოთ მარხვა, ლოცვა, მეტანიები, სინანული, რომ მოვიპოვით სულიწმიდის მადლი, რომელიც ჩვენი მაცხოვნებელია.