როგორ მივხვდეთ, რომ მეხის საშიშროება არსებობს - რა უნდა ვიცოდეთ ჭექა-ქუხილის დროს

ჭექა-ქუხილი

ჭექა-ქუხილის მოახლოებისას მნიშვნელოვანია საფრთხის ნიშნების დროულად ამოცნობა და უსაფრთხო ადგილას გადასვლა. მეხი განსაკუთრებით საშიშია ღია სივრცეში, წყალთან, მაღალ ადგილებსა და ცალკე მდგომ ხეებთან ყოფნისას.

მეხის საშიშროების ყველაზე აშკარა ნიშანი ჭექა-ქუხილის ხმა და ელვის დანახვაა. თუ ელვას ხედავთ ან ხმა გესმით, ეს უკვე ნიშნავს, რომ მეხის დაცემის საფრთხე არსებობს და უსაფრთხოების ზომების მიღება აუცილებელია.

საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრი „112“ მოქალაქეებს ურჩევს, ჭექა-ქუხილის დროს არ დარჩნენ ღია სივრცეში და თავშესაფრად ცალკე მდგომი ხე არ გამოიყენონ. ასევე, აუცილებელია მდინარისა და ტბის ნაპირის, მაღალი ადგილებისა და ლითონის საგნებისგან მოშორება.

თუ ჭექა-ქუხილმა გარეთ მოგისწროთ, სასურველია სწრაფად გადახვიდეთ შენობაში ან ავტომობილში. ავტომობილში ყოფნის შემთხვევაში ფანჯრები უნდა დაიხუროს და მანქანიდან გადმოსვლა არ არის რეკომენდებული.

თუ სახლში ხართ, დახურეთ ფანჯრები და კარები, მოერიდეთ ფანჯარასთან დგომას და ელექტროგაყვანილობასთან ახლოს ყოფნას.