დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების ფაქტზე დაკავებული ქალის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს - სხდომას ბრალდებული არ ესწრება, რადგან ის კლინიკა „ვივამედშია“ მოთავსებული

 ვალერია კირლიუკი

თბილისის საქალაქო სასამართლოში აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების ფაქტზე დაკავებული ქალის, უკრაინის მოქალაქის, ვალერია კირლიუკის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

დღევანდელ სხდომაზე ვალერია კირლიუკის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ.

თავად დაკავებული ქალი დუმილის უფლებით სარგებლობს. თუმცა, სხდომა მისი მონაწილეობის გარეშე მიმდინარეობს, ვინაიდან ის კლინიკა „ვივამედშია“ მოთავსებული. სასამართლო პროცესზე საავადმყოფოდან ცნობა არის წარმოდგენილი, რომლის მიხედვითაც ბრალდებულს სასამართლოზე გამოცხადება და მასში მონაწილეობის მიღება არ შეუძლია.

ცნობისთვის, აფხაზი ბლოგერი, დაურ ბუავა თბილისში, საცხოვრებელ ბინაში, გარდაცვლილი 28 აგვისტოს იპოვეს. ის სავარაუდოდ, რამდენიმე დღის გარდაცვლილი იყო.

29 აგვისტოს სამართალდამცველებმა კი უცხო ქვეყნის მოქალაქე, დაურ ბუავას მეგობარი ქალი - ვალერია კირლიუკი სისხლის სამართლის კოდექსის 128-ე მუხლით დააკავეს, რაც განსაცდელში მიტოვებას გულისხმობს.

გამოძიების თანახმად, მათ ნარკოტიკული საშუალება მოიხმარეს, რის შემდეგაც ორივე მათგანი შეუძლოდ გახდა. მათივე ცნობით, დაკავებულმა ქალმა კრიტიკულად მძიმე და სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში მყოფი ბუავა მიატოვა, საცხოვრებელი ბინის კარი გარედან ჩაკეტა და შემთხვევის ადგილიდან წავიდა. პროკურატურამ კადრები გამოაქვეყნა. ცნობილია ქიმიური ექსპერტიზის შედეგიც.

გამოძიება ასევე მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე - თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლითაც.

სამართალდამცველებმა დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიების ფარგლებში ასევე, ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს.