როგორ მიმძიმს და მეუხერხულება უშენოდ ზურას საფლავთან დგომა. მარტოობის განცდა მაშინებს... - ტარიელ ხარხელაური გარდაცვლილ მეგობარზე

mechiauri

პოეტი ტარიელ ხარხელაური გარდაცვლილ მეგობარს, ყველასთვის კარგად ნაცნობ თამაზ მეჭიაურს ემოციურ პოსტს უძღვნის. 

"მეგობრული მარტოობის სიცარიელე არ მიყვარს და მით უმეტეს, მზარავს სამეგობროში გაჩენილი სიცარიელე" - წერს პოეტი პირად განცდებზე, რომელსაც დაკარგული მეგობრების ტკივილი იწვევს.  

"ჩემო თამაზ! ამ სტრიქონებს სულში ჩაღვრილი ცრემლით ვწერ… არ გაგიკვირდება, რადგან ვინ, თუ არა შენ, შეიძლება იცოდეს, რომ დიდი ხანია ასეთი ცრემლი ჩემი წუთისოფლის საგზალია... ნურავინ დააბრალებს ცრემლებს გულჩვილობას, რადგან გულჩვილობის შესაფასებლად არ გამოდგება და მით უმეტეს, არც გასამართლებლად.

გულჩვილობას სხვანაირი ცრემლი აქვს, მსუბუქი და ლირიკულიც კი. მძაფრი ტკივილით მომდინარე ცრემლი მეხთა ტეხვას ჰგავს, რომელიც მარტოდ დარჩენილი კაცის გულგატეხილობაზე საუბრობს… მძიმედ, კანტი კუნტად მოსწვეთავენ ღაწვებზე და არც მარილიან კვალს ტოვებენ. არაფერზე გესაუბრებიან და სხვათა დასანახად არ ჟონავენ გულის კედლებიდან...

ჩემო თამაზ! პირველ აპრილს ჩვენი ზურა ქაფიანიძის დაბადების დღეა, არა მხოლოდ ჩვენი დიდი მეგობრის, სრულიად საქართველოს მეგობრის. როგორ მიმძიმს და მეუხერხულება უშენოდ ზურას საფლავთან დგომა. მარტოობის განცდა მაკრთობს, მაშინებს...

მეგობრული მარტოობის სიცარიელე არ მიყვარს და მით უმეტეს, მზარავს სამეგობროში გაჩენილი სიცარიელე. ახლა დიდი ილიასი არ იყოს, რა ვქნა, ვიცინო თუ ვიტირო, ვერც ერთს მოვაბამ თავს, ვერც მეორეს, რადგან საამისო ძალა ჩამოღვენთილ სანთელს დაემგვანა... და მაინც...

როგორ იმგზავრე, ლომო!..დღენი ყვითლობენ, დამოკლდნენ,ვერ შეძლეს არე მოჩრდილონ,არ მოსტყდე მუხავ! არ მოსტყდე -ქარებს არ დაემორჩილო.თუ გაგაბეზრონ ხეთქებით.თვალები მოგიწყლიანონ,არ გააცინო ღმერთები -ლოცვად არ დასდგე ტიალო..." - წერს ტარიელ ხარხელაური.