დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
ზურა ვადაჭკორია ერთი ძირძველი თბილისელი, კარგი ბიჭი იყო, ძალიან თბილი, კეთილი გულის მქონე, მეზღაპრესავით თავისი ჯადოსნური ჯოხით, რომელსაც დიდიც და პატარაც ერთნაირად პატივს სცემდა, პატივს სცემდნენ მის ხელოვნებას, იმ გამორჩეულ, ორიგინალურ ჟანრს, რომელსაც ილუზიონისტის ხელოვნება ჰქვია. მისი დანახვა გიხაროდა. იყო საოცარი მეოჯახე და მეგობარი, პოზიტიური ადამიანი. დღეს მას ყველაზე ახლობელი ადამიანი, მეუღლე გაიხსენებს.
გთავაზობთ ამონარიდს ჟურნალ თბილისელების ინტერვიუდან:
ღამე არ გავა, ზურიკო სიზმარში არ ვნახო. გამორიცხულია. როგორც ჩვენი მფარველი ანგელოზი, ისეა ჩვენთვის. ზურიკო რომ გარდაიცვალა, მალევე გარდაიცვალა გიო ხუციშვილიც.
აბასთუმანში ვიყავით ყველანი. მესიზმრება, ვითომ ვურეკავ ზურიკოს, თან, ვერ ვურეკავ. ვნერვიულობ. ამ დროს როგორც იქნა დავურეკე, მიპასუხა. მე ვუთხარი: ზურიკო, რამდენი ხანია გირეკავ, რატომ არ მპასუხობ ტელეფონზე-მეთქი და... კარგი რა, ია, მთელი ღამე არ მიძინია. გამთენიისას გიო ხუციშვილი გარდაიცვალა და ის მოიყვანეს, ჩემს კოიკაზე დააწვინეს. კარზე ბრახუნი რომ ატეხეს და შემოიყვანეს, ასე მეგონა, კონცერტებზეა ჩამოსულიო. ჰო, კაი, კაი, ზურიკო-მეთქი და გამომეღვიძა.
როგორც ყველა, დილით რომ იღვიძებს, მაშინვე ტელეფონში შედის, მეც ასე შევედი ტელეფონში და ვნახე, რომ გიოს ორმოცი გასულა. ზურიკოს გვერდზეა დაკრძალული.
– ვიცი, რა ძნელია ხელახლა იმ ყველაფრის გახსენება, მაგრამ მოდი, მისი ბოლო დღეები გავიხსენოთ.
– გონზე იყო, ლაპარაკობდა, მაგრამ დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდებოდა. წარმოიდგინეთ, როგორი იყო ზურიკო და ამ დროს საწოლში წევს. მეუბნებოდა, არ მინდა ასეთი სიცოცხლე, საწამლავი დამალევინე, ასე ვერ ვიქნებიო. ამბობდა: მე სიკვდილის კი არ მეშინია, თქვენთან განშორება არ მინდა, მომენატრებითო. იმ საშინელ დღეს რა დამავიწყებს. 1 მარტი გათენდა. მეძახის: ია, მოდიო. საჭმელს ვუკეთებდი. აქ ვარ, ზურიკო, ახლავე-მეთქი. მოდი, მოდი, ია, ჩქარა! ნახე, თავზე მადგანან ვიღაცები, მივყავარო. მივვარდი უცებ. ვის მიჰყავხარ, ზურიკო, აქ არავინაა-მეთქი. როგორ არააო, ხელი დაარტყა საწოლზე, გადაატრიალა თვალები და... დამთავრდა ყველაფერი.