რატომაა თებერვალი ყველაზე ხანმოკლე თვე

თებერვალი

 თებერვალი წლის ყველაზე ხანმოკლე თვეა. მასში, ძირითადად, მხოლოდ 28 დღეა, მაგრამ რატომ? თებერვლის ხანგრძლივობა მეცნიერებასთან იმდენად არა კავშირში რამდენადაც რომაელების ცრურწმენასთან.

დღესდღეობით გრიგორიანულ კალენდარს ვიყენებთ, თუმცა თვეები ყოველთვის ასე არ ყოფილა დალაგებული. გრიგორიანულ კალენდრამდე იულიუსის კალენდარი არსებობდა (რომელიც თურქეთში 1927 წლამდე გამოიყენებოდა), მანამდე კი - რომაული.

ძველი რომაული კალენდარი წელიწადს მარტიდან დეკემბრამდე 10 თვედ ყოფდა, ხოლო მათი ხანგრძლივობა, მთვარის ფაზების მიხედვით, 29 ან 31 დღე იყო. წლის დასაწყისს სახელი არ ჰქონდა, რადგან იმ პერიოდში არც ნათესებს თესავდნენ და არც მოსავალს იღებდნენ, ამიტომ იგი უმნიშვნელოდ მიაჩნდათ.

შემდგომში, რომის მეფე ნუმა პომპილიუსმა კალენდარში იანვარი და თებერვალი დაამატა, რათა წელიწადი (დრო, რომელსაც დედამიწა მზის გარშემო ორბიტაზე მოძრაობას ანდომებს) სრულად დაფარულიყო. რომაელებს სჯეროდათ, რომ ლუწი რიცხვები უიღბლო იყო, ამიტომ თვეები აუცილებლად 29 ან 31-დღიანი უნდა ყოფილიყო.

 ეს პრობლემური საკითხი აღმოჩნდა, რადგან თვეების რაოდენობა - 12 - ლუწი რიცხვია. საჭირო გახდა, რომ ერთ თვეს მაინც ჰქონოდა ლუწი რაოდენობის დღეები, რათა კალენდარულ წელიწადს 365 დღე მოეცვა.

ამისთვის თებერვალი შეარჩიეს, რადგან სწორედ ამ თვეში რომაელები მკვდრებს მიაგებდნენ პატივს. მათ, ალბათ, იფიქრეს, რომ სიკვდილზე უიღბლო არაფერი იქნებოდა, ამიტომ ამ თვის 28-დღიანი ხანგრძლივობაც უპრობლემოდ დაუშვეს.

მოგვიანებით, იულიუს კეისარმა კალენდარი მზის მოძრაობას მოარგო, შესაბამისად ის მთვარის ფაზებზე აღარ იყო დაფუძნებული. შემდეგ, 1582 წელს, კათოლიკურმა ეკლესიამ გრიგორიანული კალენდარი მიიღო. მასა და წინამორბედს შორის დიდი მსგავსებაა, რადგან ორივე მზის კალენდარია და 12 თვეს, თითოეულში 28-30 დღესა (საერთო ჯამში 365-ს) და ნაკიან წელიწადს მოიცავს. 

მთავარი განსხვავება სწორედ ისაა, თუ რამდენ ხანში ერთხელაა ნაკიანი წელიწადი. იულიუსის კალენდარში ის ყოველ 4 წელშია, გრიგორიანულში კი ასეა გარდა იმ წლებისა, რომლებიც 100-ზე ზუსტად იყოფა, 400-ზე კი — არა.

ყველა ამ ცვლილების მიუხედავად, თებერვალმა თავისი განსხვავებული, 28-დღიანი ხანგრძლივობა მაინც შეინარჩუნა. 29 თებერვალი კი 2028 წლამდე არ იქნება.