1765569542
„ჯერ დანით დაჭრა, მეორე დღეს კი, ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა“ - ძალადობის და განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტებზე ბრალდებულს 17 წელი მიესაჯა
მცხეთის რაიონულმა სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ღულელებში მომხდარი ძალადობის და განზრახ დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობის მცდელობის ფაქტებზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო, - ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ მიმდინარე წლის 18 მარტს, სოფელ ღულელებში, ბრალდებულმა დანით დაჭრა დაზარალებული, ხოლო მეორე დღეს, ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა მას, რითაც განზრახ შეუქმნა საფრთხე სხვის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, თუმცა განზრახვის სისრულეში მოყვანა ვერ შეძლო.
მცხეთის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 19,109-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად 17 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.












