რატომ ვერ რიგდებიან დედამთილი და რძალი - ფსიქოთერაპევტი ოჯახურ კონფლიქტებზე

მაგდა კოტრიკაძე

„რატომ ვერ რიგდებიან დედამთილი და რძალი - რას ვაკეთებთ არასწორად?" – ამის შესახებ სოციალურ ქსელში დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, EAGT ფსიქოთერაპევტი, მაგდა კოტრიკაძე წერს.

„რატომ ვერ რიგდებიან დედამთილი და რძალი - რას ვაკეთებთ არასწორად?

ქართულ ოჯახში კონფლიქტები ხშირად იწყება არა დიდი მიზეზით, არამედ ძალიან მცირე დეტალებით — ფრაზით, ინტონაციით, პასუხით, გამოხედვით.

და მაინც, რატომ არის ასე მარტივი, რომ დედამთილთან, სიდერთან, რძალთან ან სიძესთან ურთიერთობა გადაიქცეს კონფლიქტად?

სიმართლე ისაა, რომ პრობლემა იშვიათად არის თვითონ სიტყვებში. პრობლემა იმ გრძნობებშია, რომელიც ამ სიტყვების უკან დგას. დედამთილი და სიდერი გრძნობენ, რომ მათი შვილის ცხოვრება დამოუკიდებელი გახდა, გრძნობაც გაიყო და გაუცხოვდა. რძალი და სიძე კი გრძნობენ, რომ უნდა იპოვონ საკუთარი ადგილი, საკუთარი წესები, საკუთარი სივრცე ახალ ოჯახში.ეს ორი განცდა: დანაკარგის შიში და ადგილის ძიება ერთმანეთს ხვდება, აი სწორედ აქ ჩნდება პირველი დაძაბულობა.

ზოგჯერ დედამთილის ფრაზა კრიტიკად განიცდება, სიდედრის დავალება კი ქედმაღლობად. სინამდვილეში დამნაშავე არავინაა — უბრალოდ ყველას თავისი როლი აქვს, თავისი წარსული, თავისი შეხედულება, თავისი ტკივილი და მწარე გამოცდილება.

ასეთ სიტუაციებში ყველაზე ცუდ როლში ყოველთვის პარტნიორია, რადგან ორ წყალს შუაა მოქცეული და არ იცის არჩევანი ვისზე გააკეთოს. ის დგას ორ მხარეს შორის და ცდილობს არ აწყინოს, გაუფრთხილდეს მაგრამ იმედგაცრუებულია რომ ვერ ახერხებს ამ დილემის გადაჭრას. ხშირად სწორედ ეს შუამავლობა ანგრევს ურთიერთობებს. არაფერია იმაზე საშიში, ვიდრე უთქმელი წყენა. რადგან თუ ემოციას არ აძლევ გამოსავალს, ის შიგნით ღვივდება და მერე ერთი პატარა ფრაზაც კი ვულკანივით ამოიფრქვევა. ოჯახურ კონფლიქტებში ხშირია ემოციების დიფერენცირების პრობლემა, დედამთილი არ ამბობს: „მე მეშინია, რომ შვილს ვეღარ ვეყვარები უწინდებურად”. რძალი არ ამბობს: „მე მიჭირს, როცა ჩემი საზღვრები ირღვევა”.სიძე არ ამბობს: „მე ჯერ კიდევ ვერ ვხვდები, სად არის მისი სიტყვა გადამწყვეტი და სად ჩემი.“ სიდერი არ ამბობს: „მე მხოლოდ დახმარება მინდოდა და არ მინდოდა, რომ ეს ჩარევად აღქმულიყო.“ ეს სიტყვები რომ წარმოთქვან ბევრი რამე უკეთესობისკენ შეიცვლებოდა, მაგრამ ისინი ცდილობენ საგულდაგულოდ დამალონ ემოცია და შინაარსი.

წყვილი კი ვერ იაზრებს, რომ ოჯახში მთავარი გუნდი ორ ადამიანზე შენდება და დანარჩენი მხოლოდ დამკვირვებლები არიან. როცა წყვილი ერთმანეთის მხარს უჭერს, კონფლიქტი ორმაგად მცირდება. შეთანხმებული წყვილი მშობლებთან მარტივად კომუნიცირებს. ამ ვითარებაში, როცა მშობელი ხედავს, რომ მათი შვილი ახალ ოჯახში დაცული და ბედნიერია, მისი შიშიც ნელდება და ქრება.

ოჯახური მშვიდობა არ არის შემთხვევითობა. ეს არის თანმიმდევრული, რბილი, ადამიანური კომუნიკაცია და იმის გააზრება, რომ ყველა მხარეს თავისი ემოცია, შიში და სიყვარული გააჩნია",- წერს მაგდა კოტრიკაძე.