გარემოს ეროვნული სააგენტოს გაფრთხილება! - „ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო, შესაძლოა, შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა“

ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს.

„14 იანვარს ქვეყნის უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია - თოვა, ზოგან ძლიერი, დასავლეთის ძლიერი ქარი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი.

მთიან რაიონებში მოსალოდნელია ნისლი, ქარბუქი, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა, გზებზე ლიპყინული და ზვავსაშიშროება.

დიდთოვლობის, ქარბუქის, ხილვადობის გაუარესების, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა. მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“, - ნათქვამია ინფორმაციაში.