რატომ წყდება წყალი ხშირად თბილისში? - GWP-ის დირექტორის განმარტება

წყალი

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ გენერალური დირექტორი, ირაკლი ბაბუხადია განმარტავს, რატომ წყდება წყალი თბილისში ხშირად.

„პირველი მიზეზი იმისა, რომ წყლის მიწოდებაში არის წყვეტა, არის ამორტიზებული ქსელი. ყველას ძალიან კარგად გვახსოვს 90-იანი წლები, როცა ინვესტიცია საერთოდ არ ხორციელდებოდა ამ დარგში, არადა მილები ცვდებოდა. 2015 წლიდან კომპანია ყოველ წელიწადს, თითქმის 100 მლნ ლარის ინვესტიციას ახორციელებს.
ზოგადად, წყვეტები არის ორი სახის: ავარიული და გეგმიური, რომელიც დაკავშირებულია სწორედ სარეაბილიტაციო სამუშაოებთან“, - განაცხადა ირაკლი ბაბუხადიამ.

მისივე თქმით, წლიდან წლამდე წყლის წყვეტა მნიშვნელოვნად იკლებს.

„წყლის წყვეტა რჩება მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვან პრობლემად. გამოსავალი არის, რომ განხორციელდეს ბევრი სარეაბილიტაციო პროექტი და მოწესრიგდეს სისტემა. ალბათ ხშირად გაგიგიათ, რომ ურდულებს ვცვლით. ბევრი ურდული არის გამოსული წყობიდან, რაც იწვევს იმას, რომ ერთი კონკრეტული არეალის დაზიანების გამო, კომპანიას უწევს დიდი ტერიტორიის გამორთვა. ამ თვალსაზრისით არის საჭირო ჩამკეტ-მარეგულირებლების შეცვლა“, - განაცხადა ბაბუხადიამ.

წყარო: bm.ge